skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა არ მიიღოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამოგზაურო დოკუმენტები.

გადაწყვეტილების შედეგად, ამ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები არ იქნება მიღებული მოქმედ სამოგზაურო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად, ან შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად.

ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ უკვე არ არის აღიარებული, ან არაღიარების პროცესშია. ამრიგად, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის შემუშავებას, საგარეო საზღვრის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვას.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და დაუსაბუთებელ სამხედრო აგრესიაზე, ასევე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე“.

„ის ასევე მოყვა რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.


მანამდე, 24 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტების არაღიარებას. უფრო ადრე, 10 ნოემბერს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა განაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, არ მიიღონ შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები.

12 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ დოკუმენტებს.

მსგავსი/Related

Back to top button