ევროპარლამენტმა გაფართოების ახალი პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 502 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 75 იყო, ხოლო 61-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ფარგლებში, ევროპარლამენტარებმა მოუწოდებს ევროკავშირს, რომ „დაძლიოს სტატუს კვო და ახალი ბიძგი მისცეს გაფართოების პროცესს როგორც წევრ სახელმწიფოებს შორის, ისე აპლიკანტ ქვეყნებში“.
- 22/11/2022 – სტოლტენბერგი: დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან
ქვემოთ ევროპარლამენტის ძირითადი რეკომენდაციებია მოცემული:
- გაფართოება რაიმე ალტერნატივებმა არ უნდა ჩაანაცვლოს;
- საჭიროა გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება და ახალი წევრების მიღება კვალიფიციური უმრავლესობით და არა ერთხმად;
- გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ „ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაძლიერებული გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირის ხელთ არსებულ უძლიერეს გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს“.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღების პროცესის რეფორმირება უნდა განახორციელოს და კვალიფიციური უმრავლესობა შემოიღოს იმისათვის, რომ ის „უფრო სანდო და ეფექტიან გლობალურ მოთამაშედ“ განიხილებოდეს. კვალიფიციური უმრავლესობა ნიშნავს იმას, რომ წევრი სახელმწიფოების მხოლოდ 55%, ანუ 27 ქვეყნიდან 15-ის ხმა იქნება საკმარისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ.
ამ კონტექსტში, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს, რომ შეასრულონ ევროკავშირის ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და უზრუნველყონ, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის ნაცვლად კანდიდატ ქვეყნებს რაიმე სხვა ალტერნატივას არ შესთავაზებენ.
ევროპარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ გაფართოების პროცესში პრიორიტეტი „დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობას“ უნდა მიენიჭოს, ასევე უზრუნველყოფილ იქნას მონიტორინგის, ანგარიშგების, შეფასებისა და პირობითობის გაუმჯობესება.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, რომ „ევროკავშირის დაფინანსება და მისი რეალური შედეგები უფრო შესამჩნევი გახდეს გაფართოების ქვეყნებში“ და რომ აღიკვეთოს „მესამე ქვეყნების ჩარევა ამ [გაფართოების] ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში“.
- 21/11/2022 – ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ევროკავშირსა და პარტნიორებს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს
ამ კუთხით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი სტაგნაცია ან უკუსვლა ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების პროცესში“ უნდა დაისაჯოს „რეალურ დროში“, ხოლო ის კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც „მდგრად პროგრესს“ აღწევენ, უნდა დაჯილდოვდნენ.
რეზოლუცია კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიცავს ევროკავშირისკენ მიმავალი, სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ქვეყნების მიმართ. რაც შეეხება სერბეთს, რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები „მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს წინ, თუ ქვეყანა მხარს დაუჭერს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით“.
რაც შეეხება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რეზოლუცია მიესალმა ევროპული საბჭოს „განსაკუთრებით სწრაფ გადაწყვეტილებას“ მათი განაცხადების თაობაზე და სამივე ქვეყანას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.
- 21/11/2022 – ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას ითხოვს
- 17/11/2022 – აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ საუბრობს
ევროპარლამენტი მიესალმა პირობით რეკომენდაციას ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხოლო ევროპულ საბჭოს ამ რეკომენდაციის „რაც შეიძლება სწრაფად“ შესრულებისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/11/2022 – მთავრობა საქართველოს გავლით ევროპისთვის კასპიის ზღვის გაზის მიწოდებაზე საუბრობს
- 15/11/2022 – ოლივერ ვარჰეი თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)