ქართული ოცნება და ოპოზიცია ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ეხმიანებიან
2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ.
ქართული ოცნების გამოხმაურება
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ევროპული სახელმწიფო ნიშნავს სასამართლოს პატივისცემას, მათ შორის. ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მნიშვნელოვანი. დანარჩენში ჩვენ, ბუნებრივია, ვერც ასე, ვერც ისე, ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების მიმართ… თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც. თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“.
მიხეილ სარჯველაძე – ქართული ოცნება/ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „რა სასჯელს შეარჩევს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს სასამართლოს საქმეა და აქ არ შეგვიძლია ჩვენ ვუკარნახოთ პირობები სასამართლოს. რაც შეეხება მსჯავრდების საფუძვლიანობას თუ უსაფუძვლობას, შერჩეული სასჯელის ადეკვატურობას და ა.შ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც კანონგარეშეა, რაც უფრო მაღლა, დგას ვიდრე კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ოპონენტების მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, რომ თითქოს და ან პოლიტიკურად მოტივირებული და სხვა ტიპის მანკიერ მოვლენებთან გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ, რომ საფუძველი და დასაყრდენი რეალურად არ გააჩნია. ისინი უბრალოდ საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის კეთილსინდისიერი მსჯავრდება, მაგრამ რეალურად ამის არგუმენტაცია ობიექტურად არ გააჩნიათ“.
დავით მათიკაშვილი – ქართული ოცნება/პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს და სამართლებრივი გადაწყვეტილება ჯდება კანონის ფარგლებში. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და იმ რეალობის ჩვენება, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არანაირი პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ნიკა [გვარამიას] თავისუფლება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება, ნიკას თავისუფლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე პირდაპირ წერია 12 პუნქტში რომ მედია თავისუფლებისთვის არის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესი, ამიტომ… მინდა, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით…, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, დიახ, გადადგას ეს ნაბიჯი“.
ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შესაფერხებლად. ქართული ოცნების კლანჭებში მყოფი სასამართლო, დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების იარაღად. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელში არსებული კონსტიტუციით მინიჭებული [შეწყალების] უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს იქნება პრეზიდენტის მხრიდან, შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „საქართველოს აქვს ორი არჩევანი – ან რუსეთისკენ ან ევროპისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ. შესაბამისად, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ გვაქვს ბევრი განსაცდელი, ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული ერთობა, ევროპულ ფლანგზე რის შემდეგაც კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, გვარამიასაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმარს და სააკაშვილიც გათავისუფლდება როგორც პოლიტიკური პატიმარი, ეს არის ერთადერთი გზა. ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს… არანაირი შეწყალება არ იქნება, ხალხნო, ნუ გექნებათ ეს ილუზია, არანაირ უზენაესში რაიმე სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი არ იქნება სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ ნახავენ“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველანი უკვე წლებია მიჩვეულები ვართ და ნანახი გვაქს რომ პოლიტიკური დევნა არის დეკლარირებული ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის, გვარამიას საქმე ამ სტანდარტითაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას რომ ამოცანა დღევანდელი გადაწყვეტილების იყო ძალის დემონსტრირება, სწორედ იმის დემონსტრირება რა კურსიც აიღო ივანიშვილის რეჟიმმა. ამიტომ, თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ რაიმე ილუზია, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ მოისპოს“.
ელენე ხოშტარია – დროა: „ამ სასამართლომ არაფერი დაგვანახა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის, ერთადერთი გვანახა რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას, და არის ძალიან ბევრ თავისუფლებაზე მყოფ ადამიანზე ბევრად უფრო ძლიერი. ამიტომ მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი – მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რომ რაღაცა მომენტში მოლბებიან, რომ სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს, რომ მათ მართლა აინტერესებთ [რამე], არ არსებობს. ეს არის რუსული რეჟიმი და რუსული რეჟიმი ერთადერთს რასაც აკეთებს ეს არის ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს… აი, ამ დასკვნას თუ გამოვიტანთ, თუ არ დავიღლებით, ნიკაც გამოვა და რაც მთავარია – გამოვა ის, რისთვისაც ზის ნიკა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, ამიტომ არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა…, პირიქით წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, ვიბრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)