ახალი ამბები

ომბუდსმენი შეშფოთებას გამოხატავს ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.

აღნიშნა რა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპები და ნიკა გვარამია დამნაშავეც ცნო, ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო დაამძიმა გადაწყვეტილება და პატიმრობა იმ ქმედების გამოც გამოიყენა, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივია და სისხლის სამართლებრივი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, პრობლემური იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდშიც, რადგანაც „ერთი მხრივ, საკითხი მნიშვნელოვანწილად ჰგავდა საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში ე.წ. რეკლამების ეპიზოდს, მეორე მხრივ კი არსებით გარემოებებთან დაკავშირებით სრულიად დაუსაბუთებელი იყო“.

სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან განაჩენი უკვე გამოითხოვა, რომლის მიღებისთანავე ომბუდსმენი საზოგადოებას საქმეზე დეტალურ შეფასებას დამატებით წარუდგენს.

საგულისხმოა, რომ „მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების გათვალისწინებით“, სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ ჯერ კიდევ 2022 წლის 8 ივნისს მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button