Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დადგენილი პირობები შეასრულოს.

„სანამ სამუშაო რეფორმის ჯგუფის საქმიანობა არ არის დასრულებული, კვლავ არსებობს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმაზე ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნიდან სამი თვის თავზე, ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი გათვალისწინებულია თუ არა პარლამენტის მიერ ისეთი საკითხები, როგორებიც არის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა; კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა; ე.წ. „19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული რეფორმების გატარება.

გარდა ამისა, ომბუდსმენის განმარტებით, პარლამენტის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებული ვერსიაში არ არის გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი არცერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ მოითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას. ესენია:

  • მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებული რეფორმების აღსრულებაზე ზედამხედველობის საჭიროება;
  • მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს იმპლემენტაციის გაძლიერების საჭიროება;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების საჭიროება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საერთო სასამართლოებში კოლეგიის სამივე წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;
  • მოსამართლეთა თანაბარი, პროპორციული დატვირთულობის უზრუნველყოფის საჭიროება;
  • ეუთო/ODIHR-ის მიერ 2021 წლის აგვისტოში გაცემული რეკომენდაციების ნაწილის სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების საჭიროება;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესისა და კრიტერიუმების გაწერის საჭიროება

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის თქმით, მათი რეკომენდაციის მიუხედავად, სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი არც საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის გადაუგზავნიათ.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე* მითითებით, სახალხო დამცველი პარლამენტს ახსენებს, რომ მას „ევალება შეასრულოს ის წინაპირობები, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად“.

ასევე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაყრდნობით, ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, „გაითვალისწინოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს კონსტიტუცია, *მუხლი 78: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button