ახალი ამბები

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აკადემიურმა საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა მაქსიმუმ 6 თვის ვადით უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას დანიშვნას, რომელიც არჩევნებში ერთადერთი მონაწილე კანდიდატი იყო.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში თსუ-ის აკადემიურ საბჭოში ამჟამად მყოფი 33 წევრიდან 30 მონაწილეობდა, რომელთაგანაც პოსტზე სამუშიას დანიშვნას მხარი 28-მ დაუჭირა, 2 ბიულეტენი გაბათილდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აწ უკვე ყოფილმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა 7 ოქტომბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თსუ-მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კონკურსი 10 ოქტომბერს გამოაცხადა. კანდიდატებს განაცხადების წარდგენა 11 ოქტომბრის 10:00 სთ-დან 13 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე შეეძლოთ. კონკურსში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ გამოთქვა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროტესტის ფონზე აირჩიეს

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა დღეს სტუდენტთა ნაწილის პროტესტის ფონზე წარიმართა. ისინი უნივერსიტეტის რექტორის არჩევის წესის ცვლილებასა, სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლის აშენებასა და საბინაო სუბსიდირებას მოითხოვენ.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ ისინი დღევანდელ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ, რადგანაც „ის სტუდენტების გვერდის ავლით ჩაატარეს“.

„აკადემიური საბჭო უნდა დაიშალოს, იმიტომ, რომ არ არის დამოუკიდებელი ორგანო, ის ასრულებს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში პრივილეგირებული ჯგუფების დაკვეთას“, – განაცხადა მან.

უნივერსიტეტის რექტორის დემოკრატიულად არჩევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თსუ-ის კიდევ ერთმა სტუდენტმა და დასძინა, რომ „ელიტის დემოკრატია და დემოკრატია, კარდინალურად განსხვავებული რაღაც არის“.

კიდევ ერთმა მათგანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ჯაბა სამუშიას კომენტარი

რექტორის მოვალეობის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ იგი შეეცდება, ყველა იმ კითხვას უპასუხოს, რომელიც ბოლო პერიოდში „ჩვენს სტუდენტებს აწუხებდა. „ჩვენ [უნდა] გვქონდეს მუდმივი დიალოგი ყველა სტუდენტთან და ადამიანთან, ვისაც გული შესტკივა [თბილისის სახელმწიფო] უნივერსიტეტის მომავალზე“, – დასძინა მან.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი ავტორიტეტი გაიზარდოს და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პროფესურის ჩართულობა „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს“. „და, რა თქმა უნდა, ჩვენს სტუდენტობას უნდა შევუწყოთ ხელი ყველანაირად იმისათვის, რომ [მათ იგრძნონ] ძალიან ლამაზი სტუდენტობის წლები“, – თქვა მანვე.

ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ იგი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევ კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო? – ჯაბა სამუშიამ თქვა, რომ ის ვერ უპასუხებს კითხვას სხვამ რატომ არ შემოიტანა განაცხადი. „ეს ცოტა უხერხული კითხვაა ჩემ მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ შერჩევის პროცესი „დადგმული ფარსი“ რომ ყოფილიყო, ვინმე შეძლებდა, რომ განაცხადი მეორე კანდიდატსაც შემოეტანა. „რომ არ იყო არაფერი დადგმული და აბსოლუტურად მიდის ღია პროცესი, თუნდაც აქედანაც ჩანს და თუნდაც ის, რომ მხარდაჭერა არის აკადემიური საბჭოსი ამ ლეგიტიმაციით, ამის ნათელი მაგალითია“, – განმარტა მანვე.

ჯაბა სამუშიას ბიოგრაფია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 51 წლის ჯაბა სამუშია 2018 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორია. ამასთან, 2020 წლიდან მას შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი უკავია. მანამდე, 2018-2020 წლებში, იგი ამავე ფონდის დირექტორის მოადგილე იყო.

2014-2017 წლებში სამუშია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო.

ჯაბა სამუშია 2010-2014 წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრიც იყო. იგი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სიით მოხვდა, თუმცა მოგვიანებით მან პარტია დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 20 ოქტომბრის 16:50 სთ-ზე ჯაბა სამუშიას კომენტარის შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button