skip to content
ახალი ამბები

უცხოელი მეცნიერები საგრანტო პროექტების შერჩევაზე რუსთაველის ფონდის დირექტორს მიმართავენ

მეცნიერებმა ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან, რომლებიც რუსთაველის ეროვნული ფონდის სამეცნიერო პროექტების შერჩევის პროცესში იყვნენ ჩართულნი, ფონდის დირექტორს, ჯაბა სამუშიას წერილით მიმართეს, პროექტების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს და გააფრთხილეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან იმას, რამდენად ექნებათ მეცნიერებს გამარჯვებული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

წერილის მიზეზი 2022 წლის თებერვალში მომხდარი უთანხმოება გახდა, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტი დაიწუნა, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ პროექტებს შორის იყო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებული მეცნიერების პროექტი. 

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი პროექტის ავტორმა, ეკა კიკნაძემ, რომელიც თავად ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს ხელოვნების მუზეუმიდან, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმ ადამიანების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა, რომლებიც მას უბრალოდ არ მოსწონს. 

კიკნაძემ მაშინ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ვერ წარმოადგინა გრანტებზე უარის თქმისთვის შესაფერისი არგუმენტები.

ამასთან, დირექტორატის წევრმა და წულუკიანის მიერ დანიშნულმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, ნიკა ახალბედაშვილმა მაშინ თქვა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პროექტების უხეში პროცედურული დარღვევებით წარდგენამ განაპირობა.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ახლადშექმნილმა დირექტორატმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც მხარი დაუჭირა პროექტების დაფინანსებას და ოთხი ახლადდანიშნული წევრი, რომელთაგან მხოლოდ ერთია პროფესიულად დაკავშირებული ისტორიასა და სოციალურ მეცნიერებასთან და რომელმაც ამ პროექტების წინააღმდეგ მისცა ხმა, პროექტების დაფინანსებაზე „წმინდა პროცედურული“ ნიშნით თქვა უარი.

ხელმომწერებმა აღნიშნეს, რომ „მართალია, პროექტების უმეტესობას ქართველი და უცხოელი მეცნიერების პროტესტის ფონზე საბოლოოდ მიეცა დაფინანსებაზე წვდომა, ერთი მათგანი კვლავ დაბლოკილია“.

წერილის ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ ჯანაშიას სახელობის ისტორიისა და ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმებიდან თანამშრომლების გათავისუფლებისა და დაქვეითების, ასევე არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვების შეფერხებით გაცემის გამო.

მათივე თქმით, ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ მკვლევართა უმეტესობას რუსთაველის ფონდიდან გრანტები ჰქონდა მიღებული, თუმცა კვლევების განხორციელება „მუზეუმის ფონდებთან წვდომაზე უარის გამო“ ვერ შეძლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულმა მეცნიერებმა ოფიციალური წერილით მიმართეს ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ფონდებში მუშაობის უფლების მისაღებად, მათ პასუხი ამ მოთხოვნაზე არ მიუღიათ“, – ნათქვამია წერილში, რომელიც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი საჯარო დაწესებულებაა, იქ შესვლისა და კვლევითი საქმიანობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში კვლევითი პროექტების შეფასების პროცესი იგივე სტანდარტებით უნდა ხორციელდებოდეს როგორც ევროპაში, ამერიკაში, თუ სხვაგან და რომ სამეცნიერო პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ამ პროექტების და მათში ჩართული მეცნიერების ღირებულებებიდან „და არა მათი პოლიტიკური ლოიალობიდან ან მთავრობის პოლიტიკისადმი შეხედულებიდან გამომდინარე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button