ახალი ამბები

თსუ-მ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად კონკურსი ჩატარდება, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა დატოვა.

უნივერსიტეტის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული რელიზის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შესრულების მსურველებმა შესაბამისი განაცხადები 11 ოქტომბრის 10:00 სთ-დან 13 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა წარადგინონ.

ამავე ინფორმაციით, კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი რექტორის 4 წლის ვადით არჩევამდე, აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 14 დღის ვადაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მაქსიმუმ 6 თვის ვადით.

ამავე წესდებით, თსუ-ის რექტორის პოზიციის დაკავება შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. მათვე კონკურსში მონაწილეობისას სხვა დოკუმენტებთან ერთად, მოკლე სამოქმედო გეგმის წარდგენაც ევალებათ.

გიორგი შარვაშიძემ, რომელსაც თსუ-ის რექტორის პოზიცია 2016 წლიდან ეკავა, თანამდებობა 2022 წლის 15 ოქტომბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას უფლებამოსილების მეორე ვადა ორ წელში ეწურებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button