ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ბუქარესტს სტუმრობს, რუმინელ კოლეგასთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. 

ზურაბიშვილის განცხადებები 

გამოსვლის დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიში. 

აღნიშნა რა, რომ რუმინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ  სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ის რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის“. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს და რუმინეთს რუსული იმპერიული პოლიტიკისა და საბჭოთა პოლიტიკის „ძალიან დიდი გამოცდილება“ აქვთ, ასევე იციან რას ნიშნავს აგრესია. „ვიცით რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლაა“, – განაცხადა მან. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღი შესაძლო გამოყენების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში დაგეგმილ მობილიზაციასთან დაკავშირებულ წუხილებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც დაუშვებელია მშვიდობიანი სამყაროსთვის“. 

მისი თქმით, ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა და „მე მინდა აქ გამოვაცხადო, უკრაინის მიმართ  ქართველი ხალხის სრული სოლიდარობა“. 

ამ კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირისა და ამერიკის ძალისხმევას, რომ „დაეხმაროს უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც უთუოდ გამარჯვებით უნდა დამთავრდეს, რამეთუ აქ წყდება ჩვენი, ყველას, მთელი ევროპის მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ეს ყველას კარგად გვაქვს შეგნებული“. 

  • ევროპული მისწრაფებები 

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა, რაც დროსაც მადლობა გადაუხადა რუმინეთს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის. „რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ევროპაში ჩვენი მთავარი პარტნიორია, და შეიძლება უფრო ახლოს იყოს შავი ზღვის სიახლოვიდან გამომდინარე“. 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა გადავდგათ ის საჭირო ნაბიჯები, რაც გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, წევრობისთვისაც მზად ვართ და ეს საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნებაა“. 

ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის მართლაც თავდადებული ბრძოლის შედეგი. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს ალბათ, არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა“. 

„შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ არანაირი ძალისხმევა, იმისთვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ასევე, კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“, – დასძინა პრეზიდენტმა.

გამოსვლის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში 6 ოქტომბერს გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელმაც ევროპული პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყანა ერთად შეკრიბა, მათ შორის, საქართველო, რაც „ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა“.

აღნიშნა რა, რომ რუმინეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც სამიტში, ისე საქართველოსთან პარტნიორობაში, ზურაბიშვილმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მან თავის რუმინელ კოლეგასთან ერთად 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი ქვეყნის დაახლოებას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზით, მათ შორის ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანიც შავი ზღვის მეშვეობით ორი ქვეყნის დაკავშირებაა. ამასთან, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუმინეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. 

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებები 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა იოჰანისმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი „სიმბოლურ კონტექსტში“ იმართება, როდესაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების „ხელახლა დამყარების“ 30 წლისთავი აღინიშნება. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მსგავსად, რუმინეთის პრეზიდენტმაც გაამახვილა ყურადღება ერთობლივ დეკლარაციაზე და მის ხელმოწერას ორმხრივ ურთიერთობებში „ისტორიული მომენტი“ უწოდა. 

  • საქართველოს ევროპული მისწრაფებები 

„ამ სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენს ქვეყნებს სურთ გაიუმჯობესონ კავშირები ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ასევე ხალხთა შორის კავშირები“, – განაცხადა პრეზიდენტმა იოჰანისმა და დასძინა, რომ ამას მოჰყვება უსაფრთხოების სფეროში, ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ დღის წესრიგზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება. 

რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი დარჩება“ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღება მიულოცა. 

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია „კომპლექსურ სტრუქტურულ რეფორმებს, ინკლუზიურ პოლიტიკურ სისტემას და მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციისკენ მიმართულ  ძალისხმევას მოითხოვს“. 

რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა იოჰანისმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს რეფორმების გაგრძელების მიმართ მტკიცე პოზიციის დაკავების გამო. 

„რუმინეთი ყოველთვის აგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულების სახით, ჩვენი ქვეყანა 1 იანვრიდან თბილისში ნატოს საკონტაქტო საელჩოს მანდატის განხორციდელებას შეუდგება“. 

  • შავი ზღვის უსაფრთხოება 

შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ იგი „ეთანხმება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ „ფიზიკური ურთიერთკავშირი შავ ზღვაზე გადამწყვეტია ამ რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად“. 

ამ კუთხით, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკვე მუშაობს საქართველოსთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან „ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე“. 

პრეზიდენტის თქმით, რუმინეთი საქართველოსთან თანამშრომლობს შავი ზღვა – კასპიის ზღვის სატვირთო დერეფნის ამოქმედებაზე, რომელიც, მისი თქმით, „რუმინეთის ინიციატივაა და არსებულ რეგიონულ კონტექტსში ახალ მნიშვნელობას იძენს“. 

პრეზიდენტი იოჰანისი რუმინეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საბორნე ხაზის ამოქმედების გეგმებსაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ პროექტი ვაჭრობას შეუწყობს ხელს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააუმჯობესებს. 

  • ომი უკრაინაში 

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, პრეზიდენტმა იოჰანისმა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რუმინეთი განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

მისივე თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მან დაადასტურა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ექსპერტების უმსხვილესი კონტრიბუტორია. 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები „უკიდურესად დამაზიანებელ გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ზღუდავენ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან“. 

რუმინეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზებას ამ კონფლიქტებზე და საქართველოს მედეგობის გაძლიერებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button