სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერმინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ „რუმინეთი ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია ევროპაში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მათ შორის, „გამოწვევების საერთო ისტორია, საერთო ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ვხედავთ მომავალს, [და] ზღვა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“.
ხაზი გაუსვა რა, რომ მან იმავე დღეს რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ნიკოლაე ჩუკასთან მომავალზე ისაბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, რომელიც პრეზიდენტთან ერთად რუმინეთში იმყოფება და შეხვედრას ესწრებოდა, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური თემები განიხილეს. ასევე ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს მიმართ რუმინეთის მხარდაჭერაზე იმსჯელეს.
მანვე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ „ძალიან ინტენსიურ“ და „მნიშვნელოვან“ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა აღნიშნა. მისივე თქმით, საქართველო რუმინეთის მთავრობასთან ერთად გეგმავს „ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ“.
„ეს არის სწორედ დაკავშირებადობა და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის“, – დასძინა მან.
პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეებთან შეხვედრები
რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ალინა გორღიუსა და ქვედა პალატის თავმჯდომარეს, მარსელ ჩიოლაკუსაც შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე „კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.
სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას თავმჯდომარეებთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა. მანვე აღნიშნა, რომ „საქართველოსა და რუმინეთს თანამშრომლობის ხანგრძლივი პერსპექტივები აქვთ, რომელთაგანაც ბევრი საკანონმდებლო ორგანოებზე გაივლის“.
Georgia and Romania have long prospects of cooperation, many of which will go through our legislatures. Good to talk with @alinagorghiu and @CiolacuMarcel.
?????? pic.twitter.com/vOs9CtbB9v
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 11, 2022
თავის მხრივ, ალინა გორღიუმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
მანვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და რუმინეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის საფუძველზე.
პარალელურად, მარსელ ჩიოლაკუმ ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ენერგეტიკული კავშირისა და შავი ზღვა-კასპიის სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შესახებ.
„რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მისთვის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ნატოში მიმავალ გზაზე“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/10/2022 – საქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)