Placeholder canvas
ახალი ამბები

თბილისი და სოხუმი ლუკაშენკოს განცხადებას ეხმიანებიან 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 7 თებერვალს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესაძლო აღიარების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, მარი ნარჩემაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.

„ბელარუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ლუკაშენკოს განცხადება „როგორც ყოველთვის“ რუსული მედიის მიერ არის ინტერპრეტირებული.

თავის მხრივ, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 7 თებერვალს განაცხადა, რომ პოზიტიურად აფასებს ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას და იმედოვნებს, რომ ბელარუსი რუსეთის მაგალითს მიჰყვება და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთი ღიაა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების მქონე ქვეყნებთან „სრულმასშტაბიანი“ დიალოგისთვის და დაინტერესებული იქნებოდა ბელარუსთან „ოფიციალური კონტაქტების“ დამყარებით.

აფხაზეთის „საგარეო უწყების“ მტკიცებით, მინსკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, „ბელარუსსა და რუსეთს შორის ძლიერი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებისკენ“ ლუკაშენკოს კურსის დადასტურება იქნებოდა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“.

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების შემდეგ, 2009 წელს მინსკმა ორი რეგიონის აღიარებაზე უარი თქვა. მაშინ ლუკაშენკომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსკოვმა უარი განაცხადა იმ ნეგატიური შედეგების გაზიარებაზე, მათ შორის, სანქციების მიმართულებით, რომლებიც ბელარუსს ორი რეგიონის აღიარების შემთხვევაში დასავლეთისგან ელოდა.

რუსეთის გარდა, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ. თბილისი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ცხინვალსა და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ტერიტორიებად მიიჩნევენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button