ახალი ამბები

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავზე, თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.

„დღევანდელი დღე ჩვენს ახლო ისტორიაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა… გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს მოგვიტანს და ძალიან ჩქარა მოგვიტანს“, – განაცხადა მემორიალის მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა სოხუმის დაცემის დღეს Facebook-ზე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ „ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა“.

„ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, სამშვიდობო პროცესის, დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ „მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, „განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ჯერ კიდევ მიმდინარე ოკუპაციის ფონზე, მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია“, ყველა ერთად უნდა დავდგეთ მშვიდობის განმტკიცებისთვის.

„დღევანდელი ტრაგიკული თარიღი [უნდა] ვაქციოთ არა მტრობის, არამედ მშვიდობის განმტკიცების და გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოდ, შერიგების, ზრუნვის, ერთმანეთის გვერდში დგომის გზით და ისტორიული ერთობის სულისკვეთებით, რომელიც აუცილებლად განაპირობებს მომავალში ჩვენს ერთობლივ კეთილდღეობას“, – ხაზი გაუსვა მან.

„… 13 თვე და 13 დღე სამოქალაქო თავდაცვის პრინციპით, ჩვენმა ბიჭებმა, მთელმა საქართველომ იბრძოლა და არნახული წინააღმდეგობა გაუწია მტერს. ეს იყო საქართველოს ერთიანობა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე, რომელიც „ჩვენთვის არის დიდი ტკივილი…, გვახსენებს საქართველოს ყველა გმირს“. „ასევე, დღეს ჩვენ ვიხსენებთ, კიდევ ერთხელ ანალიზს ვაკეთებთ იმ კონკრეტული მოვლენისა, რაც მოხდა 29 წლის წინ – სოხუმის დაცემა“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

„27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. 29 წლის წინ ჩვენი ასიათასობით თანამოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავიანთი კერა, დავკარგეთ ათასობით სიცოცხლე“, – დაწერა Facebook-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „რუსული ოკუპაცია და აგრესია ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია იგრძნო და ის დღესაც გრძელდება არა მარტო ჩვენთან, ჩვენს მეგობარ უკრაინაშიც. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირების დაღვრილი სისხლი და ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის“.

„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, გავაგრძელებთ ერთიანი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შენებას“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.


რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წელს გაგზავნა. 1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button