ახალი ამბები

საქართველო და ბელარუსი უფრო ახლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი, 22 მარტი, 2018. ფოტო: president.gov.ge

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც მეორე ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ საქართველოს მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს, რომელთანაც მინსკს „დახურული თემები“ არ გააჩნია.

ლუკაშენკომ, რომელიც თბილისში ხუთშაბათს დილით ჩამოვიდა, პირველი შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართა, შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული რიგი საკითხები, რა დროსაც ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ძალიან წარმატებულად ვითარდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში. 

„ეკონომიკური ბრუნვის ზრდის ძალიან კარგი ტემპი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნიშნულსაც გადავლახავთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა და რამდენიმე ერთობლივი ბიზნეს პროექტი ჩამოთვალა.

„სამრეწველო თანამშრომლობას კარგი პერსპექტივები გააჩნია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნების მონაწილეობა რეგიონული ინტეგრაციის პროექტებში ერთობლივად წარმოებული პროდუქციის მესამე ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტის შესაძლებლობებს ხსნის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ სანდო ბაზა გაქვთ დასავლეთში, ევროპის ცენტრში, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის, არამედ ვაჭრობისთვისაც“, – მიმართა ლუკაშენკომ მარგველაშვილს. „დარწმუნებული ვარ, ჩემს სიტყვებს ენდობით, რადგანაც თქვენთვის არასდროს გვიღალატია“.

შეხვედრის დასასრულს მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ლუკაშენკოსთან ერთად სტუმრობენ საქართველოს, ქართველ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა სფეროებში, დაწყებული საფინანსო, საბანკო და სოფლის მეურნეობის და დამთავრებული განათლების და ჯანდაცვის სფეროებით, თანამშრომლობის შესახებ რიგ შეთანხმებებს და მემორანდუმებს მოაწერეს ხელი. 

23 მარტს ბელარუსის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბელარუსმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში დახმარება აღმოუჩინოს და ადგილობრივი სპეციალისტები სპეციალური დანადგარების გამოყენებაში მოამზადოს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ბელარუსთან 94.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 27.5 მლნ აშშ დოლარი (18.3 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 66.9 მლნ აშშ დოლარი (57.9 მლნ აშშ დოლარი 2016 წელს) იყო. 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button