სოხუმმა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება გააფორმა
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მოსკოვში, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აფხაზეთის „საგარეო უწყების“ ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, აფხაზები უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აფხაზურ პასპორტებზე უარის თქმის გარეშეც შეძლებენ.
ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზე, არძინბამ პირობა დადო, რომ პრეზიდენტი პუტინი „უახლოეს მომავალში“ რუსეთ-აფხაზეთის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერდა ხელს. „ყველა ეტაპზე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, – უთხრა მან შეკრებილებს.
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საკითხი აფხაზეთში მუდმივი დავის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილობრივი რუსულ პასპორტს ფლობს, მოსახლეობისა და ხელმძღვანელი პირების დიდი ნაწილი საკითხს სხვადასხვა საფრთხის გამო ეჭვის თვალით უყურებს.
გარკვეულ შიშებს კურორტ ბიჭვინთის ნაწილის, 186 ჰექტარი მიწის რამდენიმე ათწლეულით რუსეთისთვის გადაცემის საკითხიც იწვევს. რუსეთისთვის ბიჭვინთის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი ჯერ კიდევ 1995 წელს გადაწყდა, თუმცა პრაქტიკული ამ დრომდე ნაბიჯები არ გადადგმულა. შეთანხმების დასასრულებლად რუსეთმა ძალისხმევა ცოტა ხნის წინ გააძლიერა და შეთანხმების შესაბამისი ახალი ტექსტი 2022 წლის 19 იანვარს გახდა საჯარო, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საკითხი აფხაზეთში თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია და მის გარშემო მოქალაქეთა და ხელმძღვანელ პირთა პოზიციები ორად არის გაყოფილი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)