ბელარუსი დეპუტატები თბილისს, სოხუმს და ცხინვალს სტუმრობენ
ბელარუსი დეპუტატების სამი სხვადასხვა ჯგუფი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ერთდროულად სტუმრობენ, რათა საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ აღიარებს თუ არა მინსკი ორ სეპარატისტულ რეგიონს.
”ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავარწმუნოთ ისინი [ბელარუსი დეპუტატები] ქართული მხარის სიმართლეში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც 18 ნოემბერს ბელარუსის დელეგაციას შეხვდა.
”და მაქსიმალურად დავარწმუნოთ, რომ აქ არ დგას საკითხი საქართველოს და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთების. აქ დგას საკითხი კანონიერებას და უკანონობას შორის, საერთაშორისო სამართალს და უსამართლობას შორის, მშვიდობას და ძალადობას შორის არჩევანის გაკეთებაზე. მე ვფიქრობ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ქართული მხარე დგას საერთაშორისო სამართლის და სიმართლის პრინციპების მხარეს, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება იმ არჩევანის გაკეთება, რომელსაც მე იმედი მაქვს, რომ ბელარუსი საბოლოო ჯამში გააკეთებს,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
თბილისში მყოფი დელეგაცია ექვსი დეპუტატისგან შედგება, ხოლო დანარჩენი ორი ჯგუფი, რომელიც ცხინვალს და სოხუმს სტუმრობს, სამ-სამი დეპუტატისგან თითოეული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)