ახალი ამბები

ევროკავშირი 2014-2020 წლებში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას აფასებს 

ევროკავშირმა 19 სექტემბერს 2014-2020 წლების განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საანგარიშო პერიოდში ევროკავშირი საქართველოს საერთო ჯამში 938.4 მილიონი ევროთი დაეხმარა. შეფასება 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრამდე პერიოდში სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) მიერ ჩატარდა და ის ცხრა შეკითხვას ეფუძნებოდა. შეფასების შედეგად შეგროვდა მონაცემები და მოხდა მათი ანალიზი, რაც მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვასა და ინტერვიუს 95 პირთან.

ძირითადი დასკვნები

შეფასების მიზანი იყო „უკეთესად გარკვევა, თუ რამ იმუშავა, რამ არა და რა პირობებში, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გაკვეთილის გამოტანა და საქართველოში ევროკავშირის მომავალ სტრატეგიებში, პროგრამებსა და ქმედებებში გამოყენება“.

შეფასების რამდენიმე დასკვნა შიდა საკითხებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა სტრატეგიულად გამართულია და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. ამასთან, ევროკავშირმა გამოიყენა იმ ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო საქართველოსთან მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენდა ევროკავშირის წვლილის ხილვადობა, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ნაბიჯები გადადგა მის გასაუმჯობესებლად.

რეფორმების ზეგავლენა

შეფასების თანახმად, ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო შედეგების მიღწევას ყველა სექტორში.

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება:  შეფასებაში ნათქვამია, რომ დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა – რთული. თუმცა,  საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.

საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა: შეფასების თანახმად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. მოქალაქეები საჯარო მმართველობის სისტემას „კვლავ არასრულყოფილად“ მიიჩნევენ. გარკვეული პროგრესი აღინიშნება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით.

მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა: აღნიშნავს რა „მნიშვნელოვანი წინსვლა“ გენდერული ნიშნით ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, იურიდიული დახმარებისა და მართლმსაჯულების  ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შეფასება ამბობს, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა.  დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში „უკან დახევის შემთხვევები აშკარაა“.

ეკონომიკური განვითარება: მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. შეფასება ევროკავშირთან დაახლოებაში კარგ პროგრესს აღნიშნავს, რამაც, დოკუმენტის თანახმად, გაზარდა ექსპორტის მოცულობა. თუმცა, „არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია“.

ურთიერთკავშირები: ევროკავშირთან თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების და რეგულაციების ევროკავშირის კანონთა კრებულთან დაახლოვებას, თუმცა, პროექტების შედეგები ნელა ვლინდება.

ადამიანებს შორის კავშირები და მობილურობა: დოკუმენტი დადებითად აფასებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, Erasmus+-ის პროექტებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დადებითი გავლენა სამუშაო ძალის მობილურობაზე შეზღუდული იყო.

შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ „საზოგადოებრივი აზრის ტენდენციები სახელმწიფო დაწესებულებებისა და დემოკრატიის მიმართ ნდობის შემცირებას ცხადყოფს“. ამის მიუხედავად, ხალხის ნდობა ევროპის მიმართ კვლავ მაღალია. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართულებით ურყევი და პროაქტიური რჩება, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან სულ უფრო მზარდად დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად“, ნათქვამია შეფასებაში.

ძირითადი რეკომენდაციები

დოკუმენტი ევროკავშირს რიგ რეკომენდაციებს აძლევს, რომელთა ნაწილიც დახმარების გაწევის ტექნიკურ ასპექტებს უკავშირდება. შეფასებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ისეთი სფეროების „კრიტიკულად შეფასება“, როგორებიცაა – შესაძლებლობების განვითარება, მართლმსაჯულების მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს პირობებზე დაფუძნებული მიდგომა სასამართლო სისტემის და საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად. რაც შეეხება მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებს, ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს ის სფეროები, სადაც შეინიშნება უკან დახევა და თანამშრომლობის პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.  შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ „მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმება, რომელშიც ისინი ერთმანეთს აძლიერებენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button