skip to content
ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი

16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ცნობად მიიღეს ის პროგრესი, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული. ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

აღნიშნა რა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“, საბჭომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, „ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით“.

ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა „საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების“ გამო და განაცხადა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. საბჭომ შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ და მოუწოდა მოსკოვს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან „არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად.

ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში „მიღწეულ პროგრესს“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ „მნიშვნელოვან სამუშაოს“. მან მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა.

ორივე მხარე მიესალმა „საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს“. „ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა“, – ნათქვამია პრესრელიზში. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“.

ასოცირების საბჭო მიესალმა „საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button