ახალი ამბები

პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვია, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის შესახებ მმართველი გუნდის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ქვეყანაში არავინ ახალი ომის მომხრე და მეორე ფრონტის მომხრე არ არის“.

„ამ ქვეყანაში ყველა იმის მომხრეა, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და დამოუკიდებელი და ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები. ამ საქართველოსთვის თავიანთი სიცოცხლე დადეს და ამას პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის წლისთავის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „ყველაფერი ტრაგიზმში არ უნდა გადავიტანოთ. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო ძლიერია, ჩვენი დემოკრატია უფრო ძლიერია, ჩვენი გზა ევროპისკენ უფრო ძლიერია“.

„ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ამიტომ, დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – დასძინა მანვე.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მდგომარეობას არ უნდა შევეგუოთ და წინ უნდა ვიაროთ, რისთვისაც „აუცილებელია ერთიანნი ვიყოთ, ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით“.

„ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალში. ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც ამ ქვეყანაში სუფევს და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button