skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანებიან

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს გამოეხმაურნენ.

აშშ-ის საელჩო

აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ Facebook-ზე ვიდეო გამოაქყვენა, რომელშიც აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და საელჩოს სხვა თანამშრომლები ქართულად საუბრობენ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებას იხსენებენ და საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!“, – აცხადებენ ისინი ვიდეოში.

https://www.facebook.com/watch/?v=1165216967373757&ref=sharing

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

„ერთხმად“ და უმკაცრესად“ დაგმო რა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებული და გაუმართლებელი აგრესიულ ომი“, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ „ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა“.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს“.

„კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება“, – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირის წარმოამდგენლობამ ასევე აღნიშნა, რომ კვლავ სრულად უჭერს მხარს კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

„ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button