ახალი ამბები

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტის განხილვას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ევროპარლამენტმა 13 ივლისს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის პროექტი განიხილა. მიკსერმა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი მოუწოდებს ხელისუფლებას რეფორმების განსახორციელებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შეასრულოს, რათა „ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის ამბიციური ევროპული მისწრაფებების განხორციელების მიზნით“.

მიკსერის თქმით, ანგარიშში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ „ღრმა პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკური გარემოს მკაფიო მახასიათებლად რჩება“ და ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმავალ გზად განიხილავს.

ანგარიშის პროექტის განხილვას სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები, მათ შორის, ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ რეკომენდაციასაც შეეხო და თქვა, რომ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელიც ოლიგარქის განმარტებას შეესაბამება, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის განხილვას ქართველ პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. ქვემოთ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, მათ შორის ასეთი განცხადებებით, ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა… მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება, მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას“.

მიხეილ სარჯველაძე – ქართული ოცნება: „პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ეს უმნიშვნელოვანესი იქნება, ეს ცალკე პუნქტის სახითაც არის გამოყოფილი და მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან პასუხისმგებლობის კარგად გათავისება და გაცნობიერება, თუ რასთან აქვთ საქმე… რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელიც ამ 12 პუნქტის სახით გამოიკვეთა, ბუნებრივია, ხელისუფლება ამაზე სრული სერიოზულობით გეგმავს მუშაობას. ვფიქრობ, რომ ეს შეუმჩნეველი არავისთვის დარჩება და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. რაც უფრო მეტად იქნება შემოერთებული ოპოზიცია ამაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად წარმოაჩენს თვითონ პროცესს, მაგრამ ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ოპოზიციის მაგიდასთან ყოფნა არ ყოფნა, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული“.

რომან გოცირიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ქართული ოცნება ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არაფერ შუაში არ არის… როდესაც ყველა აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე და კიდევ ერთხელ ახსენებენ. ამიტომ უწევთ გამეორება და მიმართვა ქართული ოცნებისთვის – ნუ აკეთებთ ამ დოკუმენტის იგნორირებას“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ძალიან ვწუხვარ, რომ ძალით დაყრუებულ ქართულ ოცნებას დასჭირდა მისი მამა-მარჩენალის სახელისა და გვარის ხსენება ევროპარლამენტში. მე ახლა მაინტერესებს, ეს სახელი და გვარი რომ გაიგეს, რა თქვეს, კიდევ არ გვესმისო?“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ვფიქრობ, დღეს ჩვენ ძალიან ნათლად მოვისმინეთ ყველა ის კრიტიკული გზავნილი, რომელიც წლების განმავლობაში ჟღერდება და რომელიც, სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის. ეს არის ის, რომ რეფორმებს არ გააჩნია ალტერნატივა, მართლმსაჯულების, სასამართლოს რეფორმის გარეშე, დემოკრატიზაციის და დეოლიგარქიცაზიის გარეშე ამ ქვეყანას არავითარი ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია“.

გიგი წერეთელი – ევროპული საქართველო: „ამ საკითხზე რაც უფრო მეტს შეედავებიან ქართული ოცნების ლიდერები, მით უფრო ხშირად იქნება ევროპარლამენტში და დასავლეთში ახსნა, რომ სწორედ ივანიშვილი არის ფაქტორი და როცა დეოლიგარქიცაზიას გულისხმობენ, ივანიშვილს გულისხმობენ და არა ვინმე სხვას. დღესაც, ეს ხმამაღლა და მკაფიოდ ითქვა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button