ახალი ამბები

პრემიერი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: „ეს არის დამსახურებული მიღწევა“

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ და რომ „ეს არის დამსახურებული მიღწევა“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი მზად არის განახორციელოს ყველა ის რეფორმა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად დაუყენა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის კიდევ ერთი პირობის – პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება – შესრულებაში საკუთარ ვალდებულებას ოპოზიციაც გაიაზრებს და ისინი საკუთარ ამბიციებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ.


ქვემოთ პრემიერმინისტრის დღევანდელი მიმართვის სრული ტექსტია წარმოდგენილი:

„მე მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა, გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ და ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად.

და რა თქმა უნდა, თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად, საჯაროდ, რომ რეალურად, ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც.

ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, რეალურად, ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და მე ვულოცავ ქართველ ხალხს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ასევე მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასე, რომ ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება.

საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასოდეს დაგვიხურავს.

მინდა ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები.

მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი [ოპოზიცია] დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი მათ შორის თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა, ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ევროპული მომავალი, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში“.

პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

სიტყვის დასრულების შემდეგ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების შესახებ რეკომენდაციის შესრულებას, პრემიერმა ოპონენტებისთვის კონკრეტულ მექანიზმის შეთავაზების გარეშე თქვა, რომ მმართველი გუნდი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე ვერაფერს იზამს და პირიქით.

კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა. რაც შეეხება, კანდიდატის სტატუსის მიღებას, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას ამაზე „არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის“. „როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია“.

„მე არ ვაპირებ [გადადგომას] ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენ ვალდებულება არის, რომ ყველა ეს პირობა, რომელიც ჩვენ და ჩვენმა გუნდმა ავიღეთ შევასრულოთ ბოლომდე“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით გადადგომის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება პრემიერის ადრინდელ მუქარას, რომ თუკი საქართველოსთან მიმართებით კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება „უსამართლო“ იქნებოდა, იგი ყველაფერს ფარდას ახდიდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მან ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ „სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო“ რეზოლუციის მიღების შემდეგ „შეგნებულად განაცხადა.

„რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა მან.

დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციასა და პოლიტპატიმრების შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდს უფრო მეტი კონკრეტიკისა და განმარტებისთვის ბრიუსელთან კომუნიკაცია ექნება, „თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა განვახორციელოთ ამ კანონის მიღება“.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია“, რომელიც საქართველოს ჰყოლია. „მას არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია და ამ მიმართულებით ყველანაირი ცილისწამება და ბრალდება არის უსაფუძვლო“.

„პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button