skip to content
ახალი ამბები

ემანუელ მაკრონის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების გზავნილი ქართველ ხალხს 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა (რომლის ქვეყანაც საბჭოს თავმჯდომარეა) 23 ივნისს ქართველი ხალხის სახელზე გზავნილები გააჟღერეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა და პირობების შესრულების შემდეგ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირება მიიღო. განცხადებები პრეზიდენტებმა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის საპასუხოდ გააკეთეს.

შარლ მიშელი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის ხალხისთვის, რომ ფუნდამენტური რეფორმები განახორციელონ, კორუფციის წინააღმდეგ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის იბრძოლონ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ. კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით, დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოში, შესაძლებელი იქნება, რომ მათ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიონ. ვიცი, რომ მათ ზუსტად იციან რისი გაკეთებაა საჭირო სწორი მიმართულებით წასასვლელად. დღეს, ჩვენ ვაგზავნით გზავნილს – გეოპოლიტიკურ დონეზე, თუმცა არა მხოლოდ – ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების არჩევანი – ეს არის არჩევანი თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ, არჩევანი ფუნდამენტური ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების სასარგებლოდ. გვინდა, რომ მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა დავეხმაროთ მათ ძალისხმევას, იმუშაონ სწორი მიმართულებით“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი: „ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის ის უზარმაზარი სურვილი, რომელიც თქვენ გაქვთ – სწრაფვა ევროკავშირისკენ უძლიერესი ბიძგია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ ახლა პერსპექტივა მიიღო – ეს დიდი ნაბიჯია, ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა გაწევრიანების გზაზე, რათა გახდეთ ევროკავშირის წევრი. პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ამ ეტაპს მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ეკონომიკა, დიდ პოლიტიკურ პროგრესს მიაღწიეთ. ახლა რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ განახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები და აჩვენოთ პოლიტიკური ერთობა, ჩართოთ სამოქალაქო საზოგადოება და წინ წახვიდეთ რეფორმების განხორციელების კუთხით. შემდეგ კი – მომდევნო ნაბიჯებიც არ დააყოვნებს“.

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი: „სრულიად ვიზიარებ იმას, რაც ქალბატონმა პრეზდენტმა [ურსულა ფონ დერ ლაიენმა] განაცხადა. ვფიქრობ, ეს ისტორიული დღეა საქართველოშიც და ასეც უნდა შეფასდეს. აღიარა რა [საქართველოს] ევროპული პერსპექტივა, კომისიამ პირობები ჩამოაყალიბა სწორედ იმისთვის, რომ მას კანდიდატის [სტატუსის] მიღება შეეძლოს. პრეზიდენტმაც [სალომე ზურაბიშვილმა] ახსენა და ჩვენც მივიღეთ მისგან ძალიან ნათელი სიგნალი, ხოლო ხალხის ნება გამოჩნდა ქუჩებში, სადაც მათ ევროპას მიმართეს. ასე რომ ამ ერთიანი ნებით, ევროპისკენ [სვლის] სურვილით, უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური კლასი და განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button