Placeholder canvas
ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო „ევროპაში დაბრუნებას“ ელოდება

პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე, „ევროპაში დაბრუნებაზე“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

„საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას“.

სალომე ზურაბიშვილმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, უპირველეს ყოვლისა, „ერთიანობას“ მოითხოვს.

„ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე“.

„ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან“, – თქვა პრეზიდენტმა.

„და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ ეს ფასეულობებია: სამართლიანი სასამართლო; შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება; ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა; ძალაუფლების დაბალანსება.

„ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით – ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

„დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ“, – დასძინა მან.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა“.

„ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი“.

„ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს“.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროს „ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება“ და ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ „თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება, რაც „აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა“.

მანვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მკვიდრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ „საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“.

პრეზიდენტმა ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმს „ანექსიის მუქარა“ და „რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც „ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივებაა“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ძალა ერთობაშია!“ და დასძინა, რომ „როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია!“.

„ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია“.

ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვითა გამოსვლისას, აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო შექმნა, რომლის საფუძველზეც 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობის გეზად „სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა“.

გაიხსენა რა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები, რომ „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „მუდმივად ბრძოლაში მყოფი ერი“ სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა“.

მანვე აღნიშნა, რომ ჩვენს ხალხში ასევე არასდროს განელებულა საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა.

ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე 3 მარტს წარდგენილი განაცხადიც გაიხსენა და თქვა, რომ „ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“.

მანვე „ხაზგასმით“ აღნიშნა, რომ „ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად სხვადასხვა მიმართულებით „მასშტაბური რეფორმები“ გაატარა და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც აგრძელებს.

„ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას“.

აღნიშნა რა, რომ „საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის“, – პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველო ევროპისგან გაწეული ძალისხმევის „შესაბამის აღიარებას“ ელის.

ხაზი გაუსვა რა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას“.

„ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი“, – დასძინა მან.

პრემიერი ღარიბაშვილი სიტყვითა გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე ომს მოკლედ შეეხო და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა და უთხრა, რომ „ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და მომავალიც ერთად, მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და თანამშრომლობით უნდა ვაშენოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button