Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, ცხინვალს ყოველთვის შეუძლია მოსკოვის იმედი ჰქონდეს 

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა 24 მაისს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია მოსკოვის იმედი ჰქონდეს.

დმიტრი ვოლვაჩმა, რომელიც ოკუპირებული რეგიონის ახალი ლიდერის, ალან გაგლოევის ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყო, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ აღიარა, ის „აქტიურად უჭერდა მხარს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის კურსს“.

ამ კონტექსტში, ვოლვაჩმა ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალმა რუსეთს „სანქციებით უპრეცედენტო ზეწოლის“ დროსაც დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, რუსეთის დახმარების შედეგად რეგიონში ბოლო წლებში ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, მათ შორის, წვდომა ჯანდაცვასა და განათლებაზე.

თუმცა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მომავალში მეტია გასაკეთებელი.

სამომავლო „ამბიციურ ამოცანებზე“ საუბრისას, ვოლვაჩმა განაცხადა, რომ ცხინვალმა უნდა მოიზიდოს ინვესტიციები, გაზარდოს ეკონომიკა, განავითაროს ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის კეთილდღეობა გააუმჯობესოს.

ამ კუთხით, მან მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წელს ხელმოწერილ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების, ასევე რუსეთის მიერ დაფინანსებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მანვე განაცხადა, რომ 2022-2025 წლების გეგმა ითვალისწინებს სოციალური ინფრასტრუქტურების ობიექტების, სკოლების, ბაღების, საავადმყოფოებისა და საგზაო ტრანსპორტის განვითარებას.

ვოლვაჩმა ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი. მან ცოტა ხნის წინ რატიფიცირებული ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ცხინვალი და მოსკოვი საერთო სივრცის „ჰარმონიზებისკენ“ ისწრაფვიან.

მანამდე, 2022 წლის მარტში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთის სურვილია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ მოსკოვის ფინანსებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button