skip to content
ახალი ამბები

მოსკოვმა და ცხინვალმა ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი



სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი, ლეონიდ თიბილოვი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მარჯვნივ), 2015 წლის 18 მარტი. ფოტო: კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 18 მარტს მოსკოვში „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

თიბილოვთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების განხორციელება „სერიოზული ფინანსური რესურსებითაა გამყარებული“.

„2016 წელს დაახლოებით დამატებითი 1 მილიარდი რუბლი გამოიყოფა იმ მიზნების განსახორციელებლად“, რომლებიც ხელშეკრულებაშია ასახული, განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ 2008–2014 წლებში რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ ცხინვალის მიმართ 43 მილიარდ რუბლზე მეტი შეადგინა.

მისი თქმით, 2015–2017 წლებში 9 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიყოფა „სამხრეთ ოსეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში“.

„9 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიყოფა 36 პროექტის განხორციელებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების, კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობა, კულტურა და განათლება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე იგეგმება ცხინვალში ჯანდაცვის თანამედროვე რესპუბლიკური ცენტრის აშენება“, – განაცხადა პუტინმა.

ცხინვალთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე ოთხი თვით ადრე მოსკოვმა სეპარატისტულ აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. სოხუმს მოსკოვი 9.2 მილიარდი რუბლის ღირებულების დახმარებას დაპირდა.

ცხინვალთან ხელშეკრულების თავდაპირველი პროექტის გადახედვის შემდეგ, საბოლოო ტექსტი ახლა უფრო ახლოსაა იმ ვარიანტთან, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა მოაწერეს ხელი. თუმცა, ის შეიცავს პუნქტებს, რომლებიც რუსეთთან ცხინვალის რეგიონის უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს, ვიდრე ეს სეპარატისტულ აფხაზეთთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

25–წლიანი ხელშეკრულების თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევლენ“.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სტრუქტურის „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურთან.

ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, ცხინვალთან ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას „ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მძიმე დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის „კოორდინაციის“ მიზნით.

რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ „თანადააფინანსოს“ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე.

რუსეთი ასევე პირობას დებს, რომ 2016 წლიდან პენსიებს გაუზრდის სეპარატისტული რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის კიდევ უფრო გამარტივებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების განხორციელება ახალ გვერდს გადაშლის ჩვენს ურთიერთობებში“, – განაცხადა პუტინმა.

თიბილოვმა მადლობა გადაუხადა პუტინს „უზარმაზარი დახმარებისთვის“ და დასძინა: „სამხრეთ ოსეთის ხალხი ვალშია თქვენთან“.

მან პუტინი ცხინვალში მიიწვია 20 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფორმირების“ 25 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე დასასწრებად.

„ჩვენ გელოდებით, რადგანაც ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩვენი რესპუბლიკისთვის“, – უთხრა თიბილოვმა პუტინს.

ხელშეკრულების ხელმოწერა იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რუსეთი ყირიმის ანექსიიდან ერთ წლისთავს აღნიშნავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აღნიშნეს მოსკოვში ხელმოწერის წინა დღეს გაკეთებულ განცხადებებში, რომ ისინი არ ცნობენ ხელშეკრულების ლეგიტიმურობას.

ხელმოწერიდან ცოტა ხანში გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ხელშეკრულება, როგორც „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია“.

ცალკე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც აღნიშნავს, რომ ვითარების „ანექსიის ხარისხში“ გადაყვანით რუსეთი „დესტრუქციული ქმედებებით“ პასუხობს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, „მოინახოს ვითარების დარეგულირებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები“. მარგველაშვილი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების შესაჩერებლად ძალისხმევის გაერთიანებისაკენ, რადგან  ეს „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის უშუალო მეზობელ ქვეყნებს, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button