skip to content
ახალი ამბები

კრემლმა ცხინვალის რეფერენდუმის კითხვაში შეცდომა აღმოაჩინა

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთთან მიერთების თაობაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმი გააკრიტიკა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იურიდიული თვალსაზრისით, კითხვის ფორმულირება გულისხმობს, რომ ცხინვალი „რაღაც მესამე სახელმწიფოს შექმნის“ საკითხს განიხილავს.

„თუ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგებით, საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად ბოლომდე დამუშავება“, – განაცხადა მან. „საჭიროა, რომ იურიდიულად ვიფიქროთ ფორმულირებაზე“.

პესკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვს რეფერენდუმის ორგანიზების მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს და არც გეგმავს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის რუსეთთან „მიერთების“ შესახებ რეფერენდუმი 17 ივლისისთვის დანიშნა. რუსეთთან მიერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა პირველად რეგიონის 10 აპრილის „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა. თუმცა, 8 მაისს გამართულ მეორე ტურში იგი ოპოზიციონერმა კონკურენტმა, ალან გაგლოევმა დაამარცხა.

ალან გაგლოევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგა, ზოგადი მხარდაჭერა გამოხატა რუსეთთან მიერთების თაობაზე, თუმცა რეფერენდუმის ჩატარების დრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ოფიციალურმა თბილისმა დაგმო  რუსეთთან მიერთებაზე ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button