skip to content
ახალი ამბები

თანხების არასათანადოდ ხარჯვაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადების ფონზე, თენგიზ ცერცვაძე გადადგომას ფიქრობს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ კლინიკების პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არასათანადოდ ხარჯვაში დადანაშაულების შემდეგ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა და პანდემიის მართვაზე ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა, ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ გადადგომაზე ფიქრობს.

„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ“, – განაცხადა 27 აპრილს ზურაბ აზარაშვილმა.

„რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“, – დასძინა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხშირად კლინიკები პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებს არ ასრულებდნენ და მათ რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ.

მისივე განმარტებით, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლების მინიმუმ 40%-ში სახელმწიფო ფულს ცარიელ საწოლებში იხდიდა.

„თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“, – ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მინისტრმა, თუმცა კონკრეტული პირის ვინაობა არ დაასახელა.

„შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო კლინიკებს გეგმიურ რეჟიმში აქტიურად ამოწმებს.

„ისინი ინფორმირებულები არიან კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რომლებიც მათთან ფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზები არ არის აღმოფხვრილი ან მნიშვნელოვანი დარღვევებია, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, ესაა ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები“, – განაცხადა მან.

თენგიზ ცერცვაძის პასუხი

ჯანდაცვის მინისტრის ბრალდებებს გუშინ Facebook-ით უპასუხა თენგიზ ცერცვაძემ და თქვა, რომ ის გადადგომაზე ფიქრობს. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ, იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება“, – განაცხადა მან.

„ცდილობენ დამაბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში???!!!“, – ხაზი გაუსვა თენგიზ ცერცვაძემ.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ თენგიზ ცერცვაძემ გადადგომის თაობაზე, ჯანდაცვის მინისტრს უკვე მიმართა.

წინააღმდეგობრივი განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, რაც ხელისუფლებამ კლინიკებს რეორგანიზება და პანდემიამდელი პერიოდის მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა.

3 მაისს გარცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემაც დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდპაციენტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღები კლინიკა იყო. „რადიო თავისუფლებას“ გოფოძემ უთხრა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე გასული წლის დეკემბრის ბოლოს მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button