skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (,,რესპუბლიკური საავადმყოფო”) თანამშრომლებმა 26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს, სადაც საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, რომ გააუქმოს გადაწყვეტილება და სანაცვლოდ შემოთავაზებილი კომპენსაციის მიღებაზეც უარს აცხადებენ.

საავადმყოფოს თანამშრომლებმა 25 და 26 იანვარს საავადმყოფოს ეზოში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი რეაბილიტაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა შიშობენ, რომ საავადმყოფო საერთოდ გაუქმდება. ისინი სკეპტიკურად უყურებენ მთავრობის დაპირებას ახალი კლინიკის აშენების თაობაზე. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მთავრობა მიწას სხვა მიზნით გამოიყენებს. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ „უპრეცედენტოდ მაღალი“ კომპენსაციის შემოთავაზებით, მთავრობა პროტესტის ჩაცხრობას შეეეცდება. ექიმების თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათი მონაწილეობა საავადმყოფოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილებებში.

„ჩვენ ველოდით რეაბილიტაციას და არა რეორგანიზაციას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ექიმმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს. თუმცა, აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილების გაუქმებამდე მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, დღესვე, სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები საავადმყოფოს რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ და კომპენსაციის თაობაზე მათ კითხვებს უპასუხეს. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ენუქიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა იმ რამდენიმე პირთან გაიმართა, რომელთაც დრო გამონახეს.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის შესახებ 22 იანვარს გააჟღერა. პრემიერ-მოინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ შენობის რეკონსტრუქცია მისი მდგომარეობის გამო შეუძლებელია და ამიტომ მისი დემონტაჟია საჭირო. პრემიერის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა თანამშრომელი იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, ან „უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა ორი კვირის ვადაში ოთხი შემოთავაზებიდან ერთი უნდა აირჩიონ:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს;
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button