ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 1 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ აღნიშნა, რომ ის ხედავდა პრობლემებს კომუნიკაციის მართვის კუთხით, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით გამოიკვეთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შენობის დანგრევის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა დარგის წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან“ და დასძინა, რომ აზარაშვილს სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, კონსულტაციებში გუნდის წევრები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებიან.
ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 27 დეკემბრიდან იკავებდა.
აზარაშვილის გადადგომა პირველი საკადრო ცვლილება იყო კობახიძის მთავრობის პირობებში.
24 თებერვალს, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ექიმების ერთთვიანი პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა აღარ დაინგრევა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)