ახალი ამბები

რუსი დიპლომატი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ჟენევის დისკუსიების შესახებ საუბრობს 

რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტისთან“ ინტერვიუში, რომელიც 25 აპრილს გამოქვეყნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის მოსკოვის მხარდაჭერაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადადებაზე ისაუბრა.

გონჩარმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, დანარჩენ საქართველოსთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზებზე სიტუაცია „საკმაოდ სტაბილური“ რჩება.  „ასევე აღვნიშნავთ ინციდენტებისა და პროვოკაციული განცხადებების რაოდენობის შემცირებას“, – განაცხადა მან.

გონჩარის თქმით, შემდეგი ნაბიჯი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენა უნდა იყოს. თბილისისა და სოხუმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები 2018 წლის შემდეგ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე უთანხმოების გამო შეჩერებულია

რუსეთის მხარდაჭერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ 

ინტერვიუში გონჩარმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხარდაჭერაზე იმ საერთაშორისო სანქციების ფონზე, რომლებიც დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს. 

მან განმარტა, რომ რუსეთის მიერ საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასა და გარკვეული საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება სოხუმსა და ცხინვალზე მათი თხოვნის გათვალისწინებით. 

გონჩარმა ასევე ისაუბრა 2020-2022 წლების რუსეთის საინვესტიციო პროგრამებზე, რომლებიც ამჟამად ორ რეგიონში ხორციელდება და რომელთა ღირებულებაც თითოეულისთვის 4.5 მლრდ რუბლს შეადგენს. 

იგი ასევე შეეხო წელს სოხუმისა და ცხინვალისთვის რუსეთის საბიუჯეტო თანხების გამოყოფის საკითხსაც: აფხაზეთი 5.726 მლრდ რუბლს (77 მლნ აშშ დოლარი) მიიღებს, საიდანაც 4.376 მლრდ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება; ხოლო ცხინვალის რეგიონისთვის 7.2 მლრდ რუბლია (97 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფილი, საიდანაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის 5.9 მლრდ რუბლია გათვლილი. 

ჟენევის დისკუსიები 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ საუბრისას, გონჩარმა თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან დისკუსიების გადადებისთვის გააკრიტიკა.

„დისკუსიების ამ მონაწილეებმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომლის წყალობითაც, შესაძლებელი იყო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღები დონის შენარჩუნება. სრული პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების ჩაშლაზე მთლიანად მათ ეკისრებათ“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მან ასევე გაუსვა ხაზი „ლოჯისტიკურ სირთულეებს“, რაც ევროკავშირისა და შვეიცარიის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვა.

„დასავლელი „პარტნიორების“ ყველა ეს არამეგობრული და პოლიტიზებული ნაბიჯი არ ეხმარება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას და, შესაძლოა, ამ რეგიონში გაურკვევლობა გამოიწვიოს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button