ახალი ამბები

აღდგომის დღესასწაულისთვის ცხინვალი გამშვებ პუნქტებს დროებით ხსნის

მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალი 21 აპრილის 08:00 სთ-დან 25 აპრილის 20:00 სთ-მდე დანარჩენ საქართველოს დამაკავშირებელ გამშვებ პუნქტებს ხსნის. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

შეზღუდვები საჩხერის მუნიციპალიტეტებში მდებარე სინაგურისა და ქარზმანის და ოძისის (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი) გამშვებ პუნქტებზე მოიხსნება.

თუმცა ცხინვალი კვლავაც გააგრძელებს გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ზარდიანთკარისა და ერგნეთის გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვებს.

დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“.

ახალგორელი აქტივისტის გამოხმაურება

გამშვები პუნქტების დროებით გახსნას ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ შემსუბუქება იმ მოქალაქეებს შეეხება, რომელთაც „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი ან საშვი – „პროპუსკი“ აქვთ.

მისივე განმარტებით, ასევე შეუძლებელი იქნება მანქანებით გადაადგილება. „საგუშაგომდე მოხვალთ და ან ტაქსის გამოიძახებთ, ან ახლობელი დაგხვდებათ“, – ხაზი გაუსვა მეარაყიშვილმა.


რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობამ გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩორჩანა-წნელისის კრიზისის დროს თბილისიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების მიზეზით ჩაკეტა.

თავდაპირველად მათ სინაგურისა და ოძისის გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. ოძისის პუნქტი, რომელიც ახალგორელებს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, ჩაკეტვამდე ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე გადასვლას ემსახურებოდა.

მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის მომიზეზებით, რეგიონის მოქმედი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ ხუთივე გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთა ჰუმანიტარული სიტუაცია დაამძიმა, რაც ძირითადად თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მიღებისთვის გადმოსვლის დაყოვნებასა და ჯანდაცვის მომსახურების ნაკლებობაში გამოიხატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button