Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალმა ახალგორელი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

24 იანვარს, ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა ახალგორელი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის ოძისის გამშვები პუნქტი დროებით გახსნა, რამაც მათ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მისცა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ გამშვები პუნქტი მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის გაიხსნა და განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ თუ რამდენი დღით გაიხსნა ე. წ. გამშვები პუნქტი.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 24 პენსიონერი იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რომლებსაც არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვთ და ისეთი სამედიცინო დახმარების მიღებას საჭიროებენ, რასაც ცხინვალი ვერ უზრუნველყოფს, ოძისის გამშვები პუნქტის გავლით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას და მკურნალობას შეძლებდნენ.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ კომენტარი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ „კარგია, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ახლა აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა“, თუმცა მისი თქმით,  აუცილებელია, რომ გადაადგილების უფლება ყველა მსურველს ჰქონდეს.

„ეს არ არის ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს აუცილებლად, რომ უპირობოდ და სრულად გაიხსნას ე.წ. გადასასვლელი პუნქტი და იყოს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი, მაგრამ ასეთი ზომაც კი, არის უდიდესი შეღავათი ხალხისთვის იმიტომ, რომ ისინი უკვე 5 თვის განმავლობაში არიან ჩაკეტილები, ფაქტობრივ ტყვეობაში, მავთულხლართების მიღმა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებს უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან დღესაც ჰქონდა და იგი იმედოვნებს, რომ მომავალში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ექნება.

ცხინვალმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და მიზეზად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება დაასახელა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ოძისის გამშვებ პუნქტს ადგილობრივი მოსახლეობა, დღეში დაახლოებით 400-ჯერ კვეთს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button