ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ჩეხ კოლეგას და პარლამენტის სპიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ჩეხ კოლეგას იან ლიპავსკის და პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარკეტა პეკაროვა ადამოვას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობაზე იმსჯელეს და ის პერსპექტივა განიხილეს, რომელიც „საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის გაიხსნა გაწევრიანების განაცხადის გაკეთების და შესაბამისი კითხვარების გადმოცემის სახით“.

ამავე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, მინისტრმა ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ასოცირებული ტრიო და ამ ქვეყნების ინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერა იქნება.

„ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ მისწრაფებას“, – დაწერა Facebook-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 14 აპრილს, მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებაზე ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით.

ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ილია დარჩიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკას 13-14 აპრილს სტუმრობდა, სადაც იგი ასევე შეხვდა ჩეხეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, მიკულაშ ბეკს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button