skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2 წევრი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 13 აპრილს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად ქართული ოცნებისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები – ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში დაამტკიცა.

ტუღუშის კანდიდატურას მხარი ერთხმად 108 დეპუტატმა დაუჭირა, მაღლაფერიძეს 83-მა, წინააღმდეგი 19 იყო.

მაღლაფერიძე და ტუღუში იმ 10 კანდიდატს შორის იყვნენ, რომლებიც საპარლამენტო კომისიამ სამეურვეო საბჭოს 3 ვაკანტური ადგილისთვის შეარჩია.

მესამე ვაკანტურ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილმა ლია (ლიკა) შავგულიძემ მხოლოდ 31 ხმა მოაგროვა, რაც საკმარისი (76) არ იყო.

სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 3 საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის არჩეული, 3 ოპოზიციის, 2 სახალხო დამცველის, 1-ც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს.


ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის „ტელესკოლის“ პროექტ „ჩვენი საქართველოს“ წამყვან-პროდიუსერია, 2021 წლის იანვარ-მარტში ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2017-2020 წლებში მას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის 11 აპრილს განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა „მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის იდეას და შეამცირებს საზოგადოების მიერ დაფინანსებული არხების პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას“.

რაც შეეხება ლაშა ტუღუშს, იგი ამჟამად „ტვ პალიტრას“ გადაცემა „რეზიუმეს“ თანაწამყვანია. ამასთან, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ახალი ამბების ინგლისურენოვანი ვებგვერდ dfwatch.net-ის მთავარი რედაქტორის პოზიცია უკავია.

1995-2018 წლებში იგი ყოველდღიური გაზეთის, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button