ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, საქართველო მზადაა პარტნიორებთან უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები განიხილოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ დღეს თქვა, რომ თუმცაღა ხელისუფლებასა და საზოგადოებას „მტკიცედ“ აქვთ განსაზღვრული ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი, მთავრობა მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „უსაფრთხოების დამატებით გარანტიებზე“ იმსჯელოს.

„რეგიონში არის უმძიმესი კრიზისი, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. რასაკვირველია, რეგიონში ყველა ქვეყანა თავისი უსაფრთხოების პირობებსა და საერთო მხარდაჭერაზე ფიქრობს“, – განაცხადა თალაკვაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ ასევე უარყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებით, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გეგმავს.

„მისი ბევრი პროვოკაციული განცხადება ვნახეთ და საზოგადოებას არგუმენტირებული კითხვები აქვს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი“, – განაცხადა მან.

„სააკაშვილი და მისი გუნდი ის ადამიანები იყვნენ, ვინც [2008 წლის აგვისტოს ომის დროს] საქართველოს ტერიტორიები დამატებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს. ასევე, ის გუნდი იყო, ვინც საქართველოში ევროპულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ძირი გამოუთხარა“, – დასძინა ვიცე-სპიკერმა.

ნეიტრალიტეტის თემა

ცნობისთვის, ვიცე-სპიკერის განმარტებებს დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებზე წინ უძღოდა ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლების საუბარი უსაფრთხოების შესაძლო გარანტიების მიღებაზე არა ნატოსაგან, არამედ სხვა რამ მექანიზმით. ამასთან, ბოლო დღეებში საქართველოში მედიაში საუბრობენ ნეიტრალიტეტზეც, რის შესახებ დისკუსიის წამოჭრასაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს აბრალებს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 17 მარტს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე — ცხინვალის რეგიონსა/სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში — იგეგმება „ძალიან დიდი პროვოკაცია“, რომელიც ოპოზიციას დაბრალდება. მისი თქმით, ამის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სთხოვს.

ამასთან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიაში გაჩნდა გაისმის ბრალდებები, რომ მთავრობასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა სოციალურ ქსელებში ნეიტრალიტეტის თემის გატესტვა და მხარდაჭერა დაიწყეს.

საპასუხოდ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტის თემის წინ წამოწევას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციური მედიასაშუალებები ცდილობენ.

„ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – თქვა მდინარაძემ ოპოზიციაზე და დასძინა: „მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს“.


24 თებერვალს, უკრაინში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ რუსეთი ნატოსგან და ამერიკის შეერთებული შტატებისან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრების სიახლოვეს 2021 წლის ბოლოსთვის განათავსა და ნატოსგან ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ პირობის უკან წაღება მოითხოვა.

მოთხოვნა დაგმო ოფიციალურმა თბილისმა და კიევმა. მის შესრულებაზე უარი განაცხადა აშშ-მა და ნატომაც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button