ახალი ამბები

პასუხის პასუხში რუსეთი აშშ-ს ისევ სთხოვს, ნატომ საქართველო არ მიიღოს

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგონის პასუხის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს მათ მოთხოვნებზე — კერძოდ, ნატოს გაფართოების საკითხზე — კონსტრუქციულად არ უპასუხია.

მოსკოვის თქმით, ნატოს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობის — უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები — უკან წაღება, ასევე უარის თქმა პოსტ-საბჭოთა, ნატოს არაწევრ ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე, „ფუნდამენტური მნიშვნელობის [საკითხებია] რუსეთის ფედერაციისათვის“.

რუსეთი კვლავაც ელოდება, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები კონკრეტულ, იურიდიული ძალის მქონე წინადადებას გაუგზავნიან მოსკოვს, რომლითაც დადასტურდება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისა და ნატოს მზარდი სამხედრო მოქმედება ზედ რუსეთის საზღვრებთან შემაშფოთებელია, მაშინ როდესაც ჩვენი წითელი ხაზები და უსაფრთხოების ძირეული ინტერესები, ისევე როგორც რუსეთის სუვერენული უფლება დაიცვას ისინი, უგულებელყოფილია.”

„თუ აშშ-ს არ ექნება სურვილი, მან და მისმა მოკავშირეებმა იურიდიული ძალის მქონე გარანტიები მოგვცენ ჩვენი უსაფრთხოების შესახებ, რუსეთი იძულებული იქნება მიმართოს საპასუხო ზომებს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებს“, — დაიმუქრა მოსკოვი.

რუსეთისა საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმითვე, „ულტიმატუმი“, რომ მოსკოვმა სამხედრო ძალები გაიყვანოს უკრაინის მეზობელი ზოგიერთი თავისი ტერიტორიიდან, რასაც თან ახლავს მძიმე სანქციების მუქარა, „მიუღებელია და ძირს უთხრის ნებისმიერი ნამდვილი შეთანხმების მიღწევას“.

ამასთან, რუსეთმა განაცხადა, რომ თავის „წინადადებებათა პაკეტიდან“ ვაშინგტონმა თანამშრომლობის მზადყოფნა მხოლოდ იმ ზოგ დებულებებზე გამოთქვა, რომელთა ცალკე აღებული შესრულებით მხოლოდ დასავლეთი იხეირებს.

მოსკოვის პასუხის პასუხის სრული ტექსტი რუსულ ენაზე რუსულმა სააგენტო ტასმაგაავრცელა. ამ მომენტისათვის რუსეთის საგარეო სამინისტროს ვებგვერდი მიუწვდომელია.

უკრაინის საკითხი 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და არც აპირებს. ამიტომ, განცხადებები „ესკალაციის გამო რუსეთის პასუხისმგებლობის“ თაობაზე სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, რომ ზეწოლა მოახდინონ და გააუფასურონ რუსეთის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ ამ კონტექსტში 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების ხსენებას „არაფერი აქვს საერთო უკრაინის შიდა კონფლიქტთან“.

საგარეო უწყების თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა 2014 წელს კიევში მომხდარი „სახელმწიფო გადატრიალების“ შედეგია. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მაიდნის მოვლენების შემდეგ, „ნაციონალისტური სახელმწიფოს“ შექმნის მცდელობის ფონზე, „გასაკვირი არ არის, რომ ყირიმელმა ხალხმა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას მისცა ხმა“.

„საკითხი, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი, დახურულია“, – აცხადებს მოსკოვი.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ, „რეალური საფრთხე იქნება იმისა, რომ კიევის რეჟიმი ყირიმის ძალისმიერი გზით „დაბრუნებას“ შეეცდება და აშშ-ის და მის მოკავშირეებს კონფლიქტში ჩაითრევს“.

სამინისტროს თქმით, დონბასში კონფლიქტის მიზეზები „ცალსახად შიდა უკრაინული ხასიათისაა“ და მისი მოგვარება მხოლოდ მინსკის შეთანხმების განხორციელებითაა შესაძლებელი.

მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის დეესკალაციისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო: „კიევის იძულება, რომ რიგი ზომები მიიღოს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება, ყველა დასავლელი მრჩევლისა და ინსტრუქტორის ქვეყნიდან გამოწვევა, ნატოს ქვეყნების მიერ ერთობლივ წვრთნებზე უარის თქმა და კიევისთვის მანამდე მიწოდებული უცხოური შეიარაღების გამოტანა უკრაინის ტერიტორიიდან“.

სხვა საკითხები 

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ფუნდამენტურ ინტერესებზე ვერ იმოქმედებს მაშინ, როდესაც დასავლური ძალების ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში მის ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

„დაჟინებით მოვითხოვთ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების გამოყვანას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ტერიტორიების ეროვნული პოტენციალი სავსებით საკმარისია“, – განაცხადა მოსკოვმა.

რუსეთის საგარეო უწყება დოკუმენტში „უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპზეც“ საუბრობს.

მოსკოვი ვაშინგტონს თავისთვის და თავისი მოკავშირეებისთვის უპირატესობების შექმნაში ადანაშაულებს „რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ხარჯზე“ და ნატოს, აშშ-ს ხელმძღვანელობით, პოსტსაბჭოთა სივრცის, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიის, შეუზღუდავი გეოსტრატეგიული და სამხედრო განვითარების პოლიტიკის უკონტროლო განხორციელების გამო აკრიტიკებს, რაც „ჩვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურია“.

მიუხედავად იმისა, რომ ითვალისწინებს ვაშინგტონის წინადადებას იმუშაოს შეიარაღების კონტროლისა და რისკების შემცირების ცალკეულ ზომებზე, რუსეთი ამბობს, რომ მისი „წინადადებები არის პაკეტური ხასიათის და უნდა განიხილებოდეს მთლიანობაში, მისი ცალკეული კომპონენტების გამოყოფის გარეშე“.


მაშინ, როდესაც მოსკოვი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ალიანსში ინტეგრაციის მომხრეა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 77%-ია. 11% ნატოს წევრობას მხარს არ უჭერს, 12%-მა არ იცის.

ნატოს წევრობის მხარდამჭერთა რიცხვი ყველაზე მაღალი – 80% – თბილისშია, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 78%-ს შეადგენს, სოფლად კი – 73%-ს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 84% – 18-34 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, 35-54 და 55+ ჯგუფებში კი – ეს მონაცემები 75% და 71%-ის ტოლია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button