დაწურულადევროპა

რეგიონული თავდაცვის ალიანსები – გარანტია უკრაინისთვის?

რა მოხდა?

2022 წლის 14-15 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ერთობლივი საექსპედიციო ძალების (Joint Expeditionary Force (JEF) მთავრობათა მეთაურები შეიკრიბნენ და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობისა და დახმარების თვალსაზრისითაც.

რა არის “ერთობლივი საექსპედიციო ძალები”?

JEF ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ქვეყნების თავდაცვითი ალიანსია, რომლის წამყვანი ქვეყანაც დიდი ბრიტანეთია. ის 2014 წელს ჩამოყალიბდა და ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების უსაფრთხოების დასაცავადაა მომართული. მისი წევრები დღეისთვის არიან დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და ისლანდია.

ეს დაჯგუფება ნატოს ფარგლებში მუშაობს?

კი და არა… “წამყვანი ერების” თაოსნობით რეგიონული ალიანსების ჩამოყალიბებას ნატოს უელსის სამიტზე, 2014 ჩაეყარა საფუძველი. მისი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ნატოსთან თავსებადი რეგიონული დაჯგუფებები შეიქმნას, რომლებშიც ნატოს არაწევრ ქვეყნებსაც შეეძლებათ ჩართვა – მაგალითად ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან.

რატომაა საჭირო ნატოს ჩარჩოს გარეთ ყოფნა?

ნატოს კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედი ქარტიის მეხუთე მუხლია, რომელიც ერთ ქვეყანაზე თავდასხმას ყველაზე თავდასხმად აღიარებს და ურთიერთდახმარების ვალდებულებას წარმოშობს. რადგან მეორე ომის შემდგომ მსოფლიოში სტრატეგიული თავდაცვის მხრივ ყველაზე ქმედითი შემაკავებელი ატომური იარაღია, ნატოს მეხუთე მუხლი სწრედ ამ გარანტიას იძლევა.

თუმცა, როგორც ახლა უკრაინაში ნათლად გამოჩნდა, მეხუთე მუხლი სისუსტესაც წარმოშობს. როგორ უნდა მოიქცეს ალიანსი, თუ მას აშკარა სამხედრო საფრთხე ემუქრება, თუმცა მის ტერიტორიაზე პირდაპირი თავდასხმა არ მომხდარა?

“მეხუთე მუხლის ზღურბლს ქვევით”

ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა ესტონეთზე, “მწვანე კაცუნები” ყირიმის ოკუპაციისას, პირველი შეტევა დონბასზე – ეს იმგვარი შეტევების მაგალითებია, რომლის ფარული ან გაცხადებული ამოცანაც ნატოს სამხედრო-პოლიტიკური დასუსტებაა, მაგრამ “მეხუთე მუხლის ზღურბლს ქვემოთ” ხდება. საერთაშორისო სამართლის მოთხოვნა და სამხედრო კეთილგონიერების პრინციპია მოწინააღმდეგეს მისი შეტევის პროპორციული პასუხი გაეცეს, ოღონდაც ნატოს ჩართვა საპასუხო ქმედებაში – ატომური გარანტიების გამო – ხშირად არაპროპორციულ ესკალაციად შეიძლება ჩაითვალოს.

სწორედ ამ დილემის გარს შემოსავლელად შეიქმნა ერთობლივი საექსპედიციო ძალები. სამხედრო საჭიროების შემთხვევაში, ბრიტანეთს, როგორც წამყვან ქვეყანას არ სჭირდება ნატოს თანხმობა ანდა დაჯგუფების წევრების კონსენსუსი საერთო უსაფრთხოების დაცვის ოპერაციის დასაწყებად. ამავე დროს, JEF-ის ძალები ნატოს სწრაფი რეაგირების კომპონენტადაც ითვლება და ალიანსის სახელითაც შეუძლიათ მოქმედება.

რამე გაუკეთებია ამ დაჯგუფებას აქამდე?

იქედან გამომდინარე, რომ საექსპედიციო ძალების მთავარი ფოკუსი საზღვაოა, თუმცა მას აქვს სამხედრო-საჰაერო და სახლმელეთო კომპონენტებიც. მასში მონაწილე ქვეყნები ხშირად ატარებდნენ ფლოტების ერთობლივ წვრთნებს. პირველი რეალური ოპერაცია 2021 წელს განხორციელდა, როცა JEF-ის ძალები გააქტიურდა და დიდი ბრიტანეთის ორი სამხედრო გემი ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიულ წყლებში გაიგზავნა პატრულირებისათვის.

უკრაინას რა ხეირი?

უკრაინაში დაწყებული ომი ევროპისთვის და ნატოსთვის დილემას ქმნის – ატომური კონფლიქტის თავიდან აცილება აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, საჭიროა რუსეთისთვის პასუხის გაცემა და უკრაინის მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთი აქტიურადაა ჩართული გამოსავლის ძიებაში და 14-15 მარტის შეხვედრაც ამის მაგალითია.

პირველად მოხდა, რომ JEF-ის წევრები მთავრობის მეთაურების დონეზე შეიკრიბნენ: აქამდე ეს სტრუქტურა წმინდად სამხედრო ხასიათისა იყო. აქვე ვიდეოჩართვით მოუსმინეს უკრაინის ხელმძღვანელობასაც. გამოჩნდა, რომ დაჯგუფებამ შეიძლება უფრო პოლიტიკური ხასიათიც მიიღოს.

ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ თქვა: “ჩვენ შევთანხმდით, რომ პუტინმა ვერ უნდა გაიმარჯვოს ამ თავზეხელაღებულ წამოწყებაში“

ლიდერების განცხადებაში ნათქვამია, რომ “წევრები აპირებენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თავდაცვისა და შეკავების საქმეში” და რომ უკრაინას შეიარაღებას კვლავაც კოორდინირებულად მიაწვდიან.

უკრაინის სამხედროპოლიტიკურ წრეებში არსებობს იმის იმედიც, რომ თუ ნატოში მისი შესვლის შესახებ კონსენსუსი არ იარსებებს, მაშინ სწორედ JEF-ის მსგავს ალიანსებში შეიძლება მოხდეს უკრაინის შემდგომი ინტეგრირება.

გადახრა რეგიონული ალიანსებისკენ

მაშინ, როცა ნატო გლობალური შეკავების იარაღია აშშ-ს ატომური გარანტიებით, რუსული საფრთხიდან გამომდინარე კიდევ უფრო აშკარაა, რომ ევროპის სხვადასხვა რეგიონს საფრთხის სხვადასხვა განცდა აქვს და სამხედრო თვალსაზრისით განსხვავებული საფრთხეები ემუქრება. მათზე საპასუხოდ რეგიონული ალიანსებისაკენ გადახრა აშკარაა. ევროპელები სულ უფრო ხშირად ქმნიან რეგიონულ სამხედრო კოალიციებს, ბლოკებსა და  დაჯგუფებებს. უკრანასკნელ ხანებში, JEF-ის გარდა არსებობს საფრანგეთ-ბრიტანეთის “კომბინირებული ერთობლივი საექსპედიციო ძალები” (CJEF), რომლებიც ორი ქვეყნის საჰაერო და საჰაერო-მობილური ძალებითაა დაკომპლექტებული, საფრანგეთის ლიდერობით შეიქმნა მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივა ევროკავშირში (PESCO); დაიდო საფრანგეთ-საბერძნეთის თავდაცვის ორმხრივი პაქტი, შეიქმნა ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სამმხრივი კავშირი.

როგორც უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, ნატოში გაწევრიანების შეუძლებლობის შემთხვევაში, ის შეეცდება, ორმხრივი ან მრავალმხრივი უსაფრთხოების “ქოლგა” გადაიფაროს. რეგიონული ალიანსები ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა. ჩანს, დიდი ბრიტანეთი, რომელსაც “გლობალური ბრიტანეთის” აღდგენის ამბიცია ამოძრავებს, ერთ-ერთ ამგვარ საშუალებად JEF-საც მოიაზრებს.   

მსგავსი/Related

Back to top button