Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის წინ „ოცნება“ კანონმდებლობაში ცვლილებებს განიხილავს 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მოსალოდნელი სამართლებრივი დავის წინ, ქართული ოცნების დეპუტატები საკონსტიტუციო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის თანახმად, ამჟამად სახელმწიფო ორგანოებს აქვთ კომპეტენციების ფარგლების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კითხვები მოპასუხე მხარის მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

თუმცა, შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, რომელიც მედიაში 19 მარტს გავრცელდა, მმართველი პარტია აპირებს, რომ სარჩელის შეტანის სამართლებრივ საფუძვლებს სრულიად გაუგებარი ცნება – „მოქმედება ან უმოქმედობა“ დაუმატოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ქართული ოცნება კანონში ცვლილებების შეტანით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე“, – განაცხადა საიამ.

ორგანიზაციამ მოუწოდა მმართველ პარტიას „შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება“.

15 მარტს მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ქართული ოცნების თქმით, პრეზიდენტმა ასევე გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა, მაშინ როდესაც ეს სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების „ექსკლუზიური“ უფლებაა. ამასთან, პარტიის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც „საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება“.

მმართველი პარტიის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვიდა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, ხელისუფლება დასავლეთის დედაქალაქებში მისი ვიზიტების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button