skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებზე უარის შესახებ საუბრობს 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე იმ მოტივით უთხრა უარი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე „საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში“.

„ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, – უთხრა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა, რომ ამ მოსაზრებას მთავრობის ყველა წევრი იზიარებს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ საკითხი მთავრობასთან შეათანხმოს, ვინაიდან „მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს“.

„როგორც ჩანს, უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა დეტალებზე საუბრის გარეშე.

„მე მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა“, – დასძინა მან. „აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მმართველმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ბოლოდროინდელი ვიზიტებით დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა.

მმართველმა გუნდმა ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტის, როგორც საქართველოს მთავარსარდლის სტატუსი მხოლოდ „ცერემონიულ“ დატვირთვას ატარებს.

მანამდე, 14 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამის გამო მას პირადი კონტაქტების გამოყენება და პარიზსა და ბრიუსელში სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა მოუხდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button