skip to content
ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩი თბილისს სტუმრობს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი თბილისში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მის მიერ წამოწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაა.

შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მან დუნია მიატოვიჩთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული „მძიმე“ ჰუმანიტარული ვითარებაც მიმოიხილა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამას ყურადღება მიაქციოს“, – ხაზი გაუსვა მანვე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, მიატოვიჩთან შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული „მძიმე“ ვითარება, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილა.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების მიმართ.

მანამდე, ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, იმ პრობლემების შესახებ უამბო, რომლებსაც რელიგიური უმცირესობები და ლგბტ+ თემი აწყდებიან. მანვე კომისართან შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებიც განიხილა.

სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების ხარვეზებზე.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რომლებიც „ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას წარმოაჩენს“.

ომბუდსმენმა დუნია მიატოვიჩთან 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დევნილი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობასა და მათი უსაფრთხო განსახლების პროცესის გაჭიანურებაზეც ისაუბრა.

შენიშვნა: მასალა ადამიანის უფლებათა კომისრის საქართველოს პრეზდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button