ახალი ამბები

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში უარესდება 

ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში მეოთხე წელია უარესდება და 2021 წელს 10 ქულიდან 5.12 ქულამდე დაეცა.

საქართველოს 2021 წლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო ათწლეულში. 2020 წელს ქვეყანას 5.31 ქულა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ 91-ე ადგილი შეინარჩუნა 167 ქვეყანას შორის და კვლავ „ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიაში რჩება.

ხუთი კონკრეტული კომპონენტიდან, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი (3.57 ქულა) მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს; 3.75 ქულა – პოლიტიკური კულტურის კომპონენტში; 5.29 ქულა – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში; 5.56 ქულა – პოლიტიკური მონაწილეობის კომპონენტში და 7.42 ქულა – საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კომპონენტში.

ბოლო ორ კატეგორიაში, 2020 წელთან შედარებით გამოვლენილმა კლებამ, განაპირობა ქვეყნის მაჩვენებლის საერთო კლება წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება კლების გამომწვევ ფაქტორებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა „რამდენიმე მშფოთვარე მოვლენას, რამაც დემოკრატიული პროცესები შეაფერხა“. ქვეყანაში სოციალურ დაყოფა გაზრდილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამაც გააღრმავა.

ანგარიში 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსაც მიმოიხილავს და საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევებს ჰქონდა ადგილი. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია მნიშვნელოვანი ფინანსური და სხვა უპირატესობით სარგებლობდა, რაც საარჩევნო კონკურენციას და გამჭვირვალობას ხელს უშლიდა.

ამას გარდა, ანგარიშში მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის „დაძაბულობებზე“, ასევე არჩევნების წინა დღეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზეც არის საუბარი.

საქართველოს მაჩვენებლის კლების ტენდენცია 2017 წლიდან დაიწყო და 5.93 ქულიდან წლიდან წლამდე კლებას განიცდიდა. 2006 წელს ინდექსის შექმნის დღიდან, დემოკრატიის ინდექსში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი – 5.95 ქულა – 2013 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 4.59 ქულა – 2010 წელს.

ამჟამად, საქართველო ერთერთია აღმოსავლეთ ევროპის ოთხი „ჰიბრიდული რეჟიმიდან“ და იგი ამ კატეგორიას სომხეთთან და უკრაინასთან იყოფს – ორივე ქვეყანა კვლავ უსწრებს საქართველოს 2021 წლის გლობალურ რეიტინგში და 89-ე და 86-ე ადგილებს იკავებენ.

ამასთან, მოლდოვამ, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ერთ-ერთი ქვეყანაა და უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. 2020 წელს მე-80 ადგილის შემდეგ, 2021 წელს მოლდოვამ 69-ე ადგილზე დაიკავა და „ჰიბრიდული რეჟიმის“ კატეგორიიდან „არასრულფასოვანი დემოკრატიის“ კატეგორიაში გადაინაცვლა.

დემოკრატიის ინდექსის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 28 ქვეყნიდან, 16 „არასრულფასოვანი დემოკრატიის“ კატეგორიაში (ევროკავშირის აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოები და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობა), ოთხი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაში (ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები და ბოსნია და ჰერცეგოვინა), რვა „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო) შედის. ანგარიშის თანახმად, არც ერთი ქვეყანა არ შედის „სრულფასოვანი დემოკრატიის“ კატეგორიაში.

The Economist Intelligence Unit (EIU)-ი Economist Group-ის ნაწილია, რომელიც ასევე გამოსცემს ყოველკვირეულ გაზეთს The Economist. EIU მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის შესახებ ანგარიშებს 2006 წლიდან აქვეყნებს. დემოკრატიის ინდექსი ზემოთხსენებულ ხუთ კატეგორიაში დაჯგუფებულ 60 მაჩვენებელს ეყრდნობა.

საშუალო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თითოეული ქვეყანა ოთხიდან ერთ-ერთი ტიპის რეჟიმის კატეგორიაში ექცევა. ქვეყანამ 8 ქულაზე მეტი უნდა დააგროვოს იმისათვის, რომ „სრულფასოვანი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდეს, ასევე 6 ქულაზე მეტი ან 8 ქულაზე ნაკლები უნდა დააგროვოს „არასრულფასოვანი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოსახვედრად. 4 ქულაზე მეტი ან 6 ქულაზე ნაკლების მქონე ქვეყნები „ჰიბრიდულ რეჟიმად“ კლასიფიცირდებიან, ხოლო 4 ქულაზე ნაკლების მქონე ქვეყნები – „ავტორიტარულ რეჟიმებად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button