skip to content
ახალი ამბები

RSF: ჟურნალისტებზე თავდასხმა პრესის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უკუსვლაა 

„თბილისში ჟურნალისტებზე, განხორციელებული სასტიკი თავდასხმა საქართველოში პრესის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი უკუსვლაა“, – განაცხადა მედიის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ 5 ივლისს, თბილისში, ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების შეფასებისას.

ჟან კაველიემ ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობის ინტენსივობა და კოორდინირება უპრეცედენტო იყო“. დაგმო რა „ხელისუფლების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი პასიურობა“, RSF-მა მოუწოდა მას, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი ყველა პირი პასუხისგებაში მისცეს.

ორგანიზაცია 5 ივლისის რამდენიმე ინციდენტზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე თავდასხმა, რომელსაც ქიმიური ნივთიერების შესხმის შედეგად თვალები დაუზიანდა. „ტაბულას“ ჟურნალისტზე მაკო ჯაბუაზე დაყრდნობით RSF-მა ასევე განაცხადა, რომ მას თავში ჯოხი ჩაარტყეს, ხოლო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოჟურნალისტს, გიორგი ნიკოლიშვილს ტვინის შერყევა დაემართა.

ორგანიზაციის თქმით, თავდასხმების დროს, ჟურნალისტებს კამერები, მიკროფონები და ტელეფონები წაართვეს და დაუმტვრიეს, გადამღებ ჯგუფებს კი – დამატებითი თავდასხმების თავიდან ასარიდებლად გაქცევა ან პრესის აკრედიტაციის დამალვა მოუწიათ.

8 ივლისის მდგომარეობით, ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოს ხელის შეშლისთვის ჯამში 12 პირია დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button