skip to content
ახალი ამბები

დევნილთა სააგენტომ სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთა განსახლება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 27 იანვარს განაცხადა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინები გადასცა. ამასთან, 7-მა ოჯახმა საცხოვრებელ ფართები თავად მოიძია, რომელთაც სააგენტო შეუსყიდის.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი ეტაპობრივად „უპირობოდ დაკმაყოფილდება“.

მანამდე, აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, იგი იმედოვნებდა, რომ მისი მოქმედება ავარიულ შენობაში მცხოვრები 130-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას დააჩქარებდა.

დევნილთა სააგენტოს პირობები

მოცემული მომენტისთვის, დევნილთა სააგენტო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილებს ბინის შესაძენად 1 მ2 550 აშშ დოლარს, ან სააგენტოს მიერ მათთვის ბინების შესყიდვამდე ქირით გასვლას სთავაზობს.

ყოფილი სანატორიუმის მკვიდრები აცხადებენ, რომ მათთვის შეთავაზებული თანხით თბილისში შესაფერისი სახლის ყიდვა „თითქმის შეუძლებელია“. ამასთან, დევნილები ეჭვობენ, რომ ქირით გასვლის შემთხვევაში, მთავრობა ქირის საფასურს აღარ გადაიხდის და მათთვის ბინების მშენებლობის პროცესიც გაჭიანურდება.

დევნილები ხელისუფლებისგან 1 მ2 შეთავაზებული 550 აშშ დოლარის 650 აშშ დოლარამდე გაზრდას, ასევე ქირით გასვლის შემთხვევაში, გარანტიებს ითხოვნდნენ, რომ მთავრობა მათ ქირით ბოლომდე ბოლომდე უზრუნველყოფდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 1მ2 550 აშშ დოლარი, თბილისის ყველა რაიონში 1 მ2-ის ღირებულების საშუალო მედიანურ ფასს ჩამოუვარდება.

სამინისტროსთან და სააგენტოსთან მოლაპარაკებები

დევნილთა საგენტოს წარმომადგენლები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური, დღეს „ქართლში“ მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრას დევნილთა ინტერესების დამცველები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთმ დევნილმა, თამარ საუთიევამ Facebook-ზე დაწერა, რომ ხელისუფლებას მათი განსახლების სამოქმედო გეგმა არ აქვს. ამასთან, არც ის იციან რამდენი დევნილისთვის შეძლებენ ბინის გადაცემას და როდის.

მისივე თქმით, მთავრობა არც მათთვის 1 მ2-ზე შეთავაზებული თანხის ოდენობის გაზრდაზეა თანახმა, თუმცა მიიღეს დაპირება, რომ „კვადრატულობის მიხედვით მაქსიმალური თანხის ჩარიცხვაზე“ დაიწყებენ მუშაობას.

„ანუ, მე თუ მეკუთვნის, მაგალითად, 50-დან – 60 კვადრატულ მეტრამდე, 60 კვადრატზე ნაკლები ფართის შეძენის შემთხვევაშიც – 60 კვადრატის საფასური ამინაზღაურდება“, – დაწერა საუთიევამ.

მისივე თქმით, სამინისტრო დევნილებს ისეთი ბინების ყიდვის უფლება დართო, რომლებიც ექსპლოატაციაში ჯერ არ შესულა.

ამბის წინაისტორია

დევნილები ახალ შენობაში გადაყვანას უკვე წლებია ითხოვენ. პროტესტი დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც საბჭოთადროინდელი სანატორიუმის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა.

„ქართლში“ მცხოვრებთა მძიმე პირობებისადმი საზოგადოების ყურადღება, ჭიჭოშვილის გარდაცვალებამ კიდევ უფრო მეტად მიიპყრო. ერთ-ერთი ბოლო აქცია დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან, 26 იანვარს მას შემდეგ გამართეს, რაც მათი განსახლების შესახებ სააგენტოსთან დაწყებულ მოლაპარაკებებში იურისტების ჩართვაზე უარი უთხრეს.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დევნილმა მოსახლეობამ თავი სასტუმროებს, სანატორიუმებს, ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს შეაფარა.

ამჟამად, საქართველოში, დაახლოებით, 270 000 დევნილია – 240 000 აფხაზეთიდან და 30 000-მდე ცხინვალის რეგიონიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button