skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახალხო დამცველს მხარდაჭერას უცხადებს 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა 23 ნოემბერს მიუღებელი უწოდა „საქართველოს პარლამენტის წევრთა საჯარო თავდასხმებს“ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე იმ სამუშაოს გამო, რომელსაც იგი და მისი აპარატი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და მის შიმშილობასთან დაკავშირებით ასრულებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 18 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და შესაძლო შედეგებზე „პირდაპირი პასუხისმგებლობა“ მათ დააკისრა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მისი დღის წესრიგის მთავარი თემა იყო 22 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტით მყოფ ქართული ოცნების თავმჯდომარესთან და პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე.

დუნია მიატოვიჩმა შეაქო ნინო ლომჯარია და მისი აპარატი „ყველა იმ პირის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტების მხარდასაჭერად განხორციელებული ძალისხმევის გამო, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება“.

კომისარმა აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტის დაცვისა და ხელშეწყობის თაობაზე ვენეციის კომისიის სახელმწძღვანელო პრინციპების თანახმად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი სახალხო დამცველები „ნებისმიერი საფრთხის ან ქმედებისგან, რომელთა მიზანიც მათი ეფექტური ფუნქციონირების შეფერხებაა“.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ სახალხო დამცველმა, მისმა აპარატმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა ისეთ გარემოში შეძლონ მუშაობა, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ განხორციელებაში“, – განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ისევე როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, შეძლონ სახალხო დამცველის გამოცდილებაზე დაყრდნობა.

ომბუდსმენის აპარატმა გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს მოუწოდა, რომ შეისწავლონ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, როგორც „დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button