Placeholder canvas
ახალი ამბები

ეუთოში ლავროვი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ შეთანხმებაზე საუბრობს 

სტოკჰოლმში 2 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ საქართველოსა და უკრაინაში, ნატოს შემდგომი გაფართოების შეჩერების მიზნით „იურიდიულად სავალდებულო“ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოსკოვის პოზიცია გააჟღერა.

ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს მოკავშირეებთან დიალოგის დროს, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომლებიც აღმოსავლეთით ნატოს ნებისმიერ გაფართოებას და რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს ისეთი შეიარაღების სისტემების განთავსებას გამორიცხავს, რაც საფრთხეს გვიქმნის“.

მანვე განაცხადა, რომ მოსკოვი შესაბამის წინადადებებს უახლოეს მომავალში წარადგენს და დასძინა, რომ ეუთოს შეუძლია „ძალიან სასარგებლო როლი“ ითამაშოს ამ საკითხში. „მოვიდა დრო, რომ სწორი სიტყვები უსაფრთხოების გრძელვადიან, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებად გადაიქცეს – ეს აუცილებელი პირობაა, რათა კონფრონტაციული სცენარის განვითარება ავიცილოთ თავიდან“.

ლავროვმა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, ევროპის უსაფრთხოების კონსტრუქციის ფუნდამენტში არსებული ნაღმი უწოდა. მისი თქმით, „ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე იფეთქა, როდესაც ნატოს პერსპექტივისგან აჟიტირებული სააკაშვილი ავანტიურაზე წავიდა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა თავად საქართველოსთვის და ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციაც სახიფათო ზღვარზე მიიყვანა“.

ლავროვი ასევე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთს არ გაჩნია სიტყვის უფლება ალიანსის გაფართოებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ცეცხლს ეთამაშებიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ მესამე ქვეყნებს არ აქვთ უფლება ნატოს გაფართოების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ“.

რუსი სამხედროები საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს შემოიჭრნენ, რასაც ცხინვალის რეგიონში რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი და 2008 წლის 26 აგვისტოს კრემლის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button