ახალი ამბები

აშშ ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოზე საუბრობს

შშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის შედეგად ”ნამდვილი გარღვევა” საქართველოსა და უკრაინის ნატოში მისწრაფების კუთხით არ ეხება მხოლოდ წევრობის სამოქმედო გეგმას, არამედ ამ ქვეყნებისთვის გარანტიის მიცემას, რომ ისინი გახდებიან ალიანსის წევრები.


3 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე გამორიცხა რუსეთის როლი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხის გადადების საქმეში და აღნიშნა, რომ იმ თემებს შორის, რასაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვისას მიაქცევენ ყურადღებას, იქნება მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.


მან ასევე გაამახვილა ყურადღება ბუქარესტის სამიტის დასკვნითი კომუნიკეს ”უჩვეულო ენაზე”. კომუნიკეში ნათქვამია, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.


”თუ აქამდე იყო მხოლოდ ღია კარი, მე ვფიქრობ, რომ ახლა არის უფრო ფართოდ გაღებული კარი,” – განაცხადა რაისმა, ”დაისვა რამდენიმე შეკითხვა: განიხილავდა თუ არა ოდესმე ნატო უკრაინას მის საზღვრებს გარეთ, ან მიიჩნევს თუ არა ნატო მიზაშეწონილად, რომ ჰყავდეს წევრი კავკასიაში; ამ კითხვაზე პასუხი იყო, რომ ნატო მიესალმება საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს წევრობისთვის. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები. და ეს კითხვები აღარ დგას დღის წესრიგში. ახლა საკითხი დგას როდის, და არა გახდებიან თუ არა საერთოდ”.


სამიტის გადაწყვეტილებიდან ცოტა ხანში საქართველოს ხელისუფლება ასევე შეეცადა ყურადღება გადაეტანა MAP-ზე უარიდან იმ ”ისტორიულ გარღვევაზე”, რომელიც კომუნიკეს ტექსტში აისახა და რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე დაადანაშაულა რუსეთი ”არაპირდაპირი ვეტოს” და ნატოს გადაწყვეტილებაზე ”ზეწოლის” გამო.


”არ არის საიდუმლო, რომ ამ ყველა დისკუსიებში ერთი ქვეყანა [რუსეთი] არ ესწრებოდა აქ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი [კომუნიკე] არ ყოფილიყო MAP – დაწყებული პირდაპირი შანტაჟიდან, მუქარით, კონკრეტული ქმედებებით, დაპირებებით, სხვადასხვა დიპლომატიური ფანდებით და ხერხებით. აი ამაზეა ნათქვამი: თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენთვის არ მოეცათ ნატოს კანდიდატის სტატუსი ე.ი. თეორიული და პრაქტიკული დაპირება, რომ გავმხდარიყავით ნატოს წევრები და სანაცვლოდ მივიღეთ პირდაპირი ვალდებულება, რომ ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აპრილს, ”ეს არის ისტორიული დღე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ორგანიზაციისთვის. ჩათვალეთ, რომ მოხდა გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური გადატრიალება ჩვენ რეგიონში”.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კომუნიკეს ტექსტი თავად ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება რუსეთის როლზე ნატოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

”ვიცი, რომ ბევრი საუბრები იყო რუსეთის ვეტოს თაობაზე, ბევრი საუბრები იყო რუსეთის ზეწოლის თაობაზე,” – განაცხადა მან, ”მაგრამ რომც ყოფილიყო, ფაქტი სახეზეა, რომ რუსეთმა გავლენა ვერ მოახდინა, და ამას ადასტურებს ეს ენაც, რომ ”ნატო მიესალმება უკრაინის და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს”; დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები. MAP შემდეგი ნაბიჯია. დღეს ჩვენ ნათლად მივანიშნეთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნების განაცხადს MAP-ზე და ამ საკითხს დეკემბერში დავუბრუნდებით, ვფიქრობ აქ ნამდვილი გარღვევა უკავშირდება არა MAP-ს, არამედ იმას, რომ დიდი ხანია ისმოდა კითხვები, იქნებოდა თუ არა მზად ნატო დაეშვა უკრაინის წევრობა და დაეშვა საქართველოს მსგავსი კავკასიური ქვეყნის წევრობა. და ეს არის ცალსახა განცხადება – დიახ. გულწრფელად რომ გითხრა, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან პოპულარული პოზიცია მოსკოვში”.


მისი თქმით, მოკავშირეთა უმეტესობა ბუქარესტის სამიტზე ემხრობოდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა რაიმე უთანხმოება საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე, რაისის თქმით, იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც აწუხებდათ MAP-ის მინიჭების დრო.


”იყვნენ ქვეყნები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ MAP-ის შეთავაზებამდე საჭიროა, რომ მეტი პროგრესი იქნას მიღწეული გარკვეულ რეფორმებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან.

კითხვაზე, რა შეიძლება შეიცვალოს დეკემბრამდე, რამაც შესაძლოა დადებითი გადაწყვეტილება გამოიწვიოს MAP-თან დაკავშირებით, რაისმა უპასუხა: ”მაგალითად, საქართველოში მაისში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. შესაძლოა სხვა ფაქტებსაც მიექცეს ყურადღება”.



 

მსგავსი/Related

Back to top button