Placeholder canvas
ახალი ამბები

ნატო: რუსეთს მეზობლების კონტროლის უფლება არ აქვს 

რიგაში 1-ელ დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „მინისტრებმა მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების ერთგულნი ვრჩებით და ჩვენი მხარდაჭერა [საქართველოსა და უკრაინის] სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება“.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო კვლავაც მზადაა „გააძლიეროს მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. ჩვენ უკვე ვაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს, რათა დაიცვან საკუთარი თავი, ერთობლივი წვრთნისა და სწავლებების, ასევე საზღვაო მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაზიარების გზით“.

„საქართველო და უკრაინა ნატოს დიდი ხნის და ახლო პარტნიორები არიან, რომელთაც ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში წვლილი შეაქვთ და წევრობისკენ ისწრაფვიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და უკრაინაში და მის გარეთ სამხედრო ძალის კონცენტრაციის“ შესახებ საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. მინისტრებმა ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერი მომავალი აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება და მისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ და უკრაინამ განაგრძონ რეფორმების განხორციელება, რათა გააძლიერონ კანონის უზენაესობა და დემოკრატია, იბრძოლონ კორუფციის წინააღმდეგ და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაცია განაგრძონ.

„ეს რეფორმები მთავარია იმისათვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები და მედეგები გახდნენ“, – აღნიშნა მან.

გავლენის სფეროები „მიუღებელია“

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „რუსეთს არ აქვს უფლება გავლენის სფეროები დააწესოს და სცადოს მეზობლების კონტროლი“.

„ისინი [რუსები] ცდილობენ, გარკვეულწილად, მისაღები გახადონ ის, რომ რუსეთს აქვს უფლება, აკონტროლოს, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ მეზობლები“, – განაგრძო სტოლტენბერგმა. „ეს არის ისეთი მსოფლიო, სადაც ჩვენ არ გვსურს დაბრუნება, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული უფლება, რომ შეზღუდონ ის, თუ რისი გაკეთებაც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნებს შეუძლიათ“.

„უკრაინა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რაც გარანტირებულია რუსეთის და ყველა სხვა სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „იდეა, რომ ნატოს მიერ სუვერენული ქვეყნის მხარდაჭერა პროვოკაციაა, უბრალოდ მცდარია. საჭიროა, რომ სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის ნებას პატივი სცენ“.

„გზავნილი არის ის, რომ მხოლოდ უკრაინა და ნატოს 30 მოკავშირე წყვეტენ, თუ როდის იქნება უკრაინა მზად, რომ ნატოს შეუერთდეს. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button