skip to content
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება თავად საქართველოს და არა რუსეთის გადასაწყვეტია 

კითხვაზე გაუარესდება თუ არა რუსეთთან ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, რომ თავად აირჩიოს საკუთარი გზა“.

ვაშინგტონში 5 ოქტომბერს ბრუკინგსის ინსტიტუტისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მანსპინძლობით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა უკუაგდო ის მოსაზრება, რომ რუსეთის პატარა მეზობლების მიერ ნატოში გაწევრიანება მოსკოვის მიმართ „პროვოკაცია“ იქნება და მას „აბსოლუტურად მცდარი“ უწოდა.

მისი თქმით, ის გზავნილი, რომ რუსეთისთვის პროვოკაციულია ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანება იმის მაგალითია, რომ რუსეთს ისეთი მსოფლიო წესრიგი სურს, სადაც მათ გავლენის სფერო ექნებათ.

„ეს არ არის ის მსოფლიო, სადაც ცხოვრებას ვისურვებდი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. „ათწლეულების განმავლობაში ვიბრძოდი იმისთვის, რომ ასეთი მსოფლიო ჩამოგვეშორებინა“.

„მხოლოდ ნატოს წევრებისა და საქართველოსა და უკრაინის გადასაწყვეტია და არა რუსეთის, თუ როდის იქნებიან ისინი მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის“, – ხაზი გაუსვა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ნატო მხარს უჭერს ორი ქვეყნის მიერ მოდერნიზაციისა და ალიანსის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის განხორციელებულ ძალისხმევას.

„როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი [საქართველო და უკრაინა] გაწევრიანებისთვის მზად არიან, ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა ამ საკითხის მოსაგვარებლად“.

აღნიშნა რა, რომ „ცალსახაა, ეს ხვალ არ მოხდება“, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი მოკავშირეებისადმი და რაც მან აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა არის ის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ასპირანტი ქვეყნებისთვის.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოსა და უკრაინის მეტი მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების ზრდა, დახმარება რეფორმების განხორციელებაში, კორუფციის დაძლევასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების  მშენებლობაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „არაფერსა და ნატოს სრულ წევრობას შორის უამრავი რამ არის“ და იმედი გამოთქვა, რომ „ნატოს მომავალ სამიტზე გარკვეულ ამბიციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button