ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ესპანეთს სტუმრობს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 25-30 ნოემბერს ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე სხდომას დაესწრო.

28 ნოემბერს სხდომაზე გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შესახებ ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ „ამ რეგიონების მაცხოვრებლები ძალადობისა და ეთნიკურ საფუძველზე გაუმართლებელი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან“.

„ისინი ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლეების გადასარჩენად. მათ არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები ცალსახად უგულებელყოფილია“, – განაცხადა კუჭავამ.

მანვე ვრცლად ისაუბრა დემოკრატიის გაძლიერების საჭიროებასა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაზე. „პოლარიზაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, ხოლო უთანხმოებას ბოლო არ უჩანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა – „ამ მხრივ, არც ჩემი ქვეყანაა გამონაკლისი“.

მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს როლს პოლიტიკური კონკურენციის დესტრუქციულ პოლარიზაციად გარდაქმნის აღკვეთის საქმეში და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, „მე პრიორიტეტად ვაქციე კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგისა და ატმოსფეროს სტიმულირება პარლამენტში“.

კუჭავას თქმით, საქართველოს პარლამენტი უნდა დაეყრდნოს „საქართველოს წინა პროგრესს დემოკრატიის განვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების საქმეში“. მან ახალი რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლებიც „აყვავებული და მშვიდობიანი საზოგადოების“ ჩამოყალიბებისკენ იქნება მიმართული და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის საქმეს წაადგება.

„დემოკრატიული მედეგობისა და ძლიერი თემების მშენებლობის“ საჭიროებაზე საუბრისას, კუჭავამ ადგილობრივი ხელისუფლებების, სკოლების, ოჯახებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალის მშენებლობისთვის“ მან პოლიტიკური აქტორების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებაში პროგრესის მისაღწევად პარლამენტის როლსაც გაუსვა ხაზი.

კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში მან ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთან საპარლამენტო თანამშრომლობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონულ მოვლენებზე იმსჯელა.

„საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაციის ძალისხმევაში“, – დაწერა კუჭავამ Twitter-ზე 27 ნოემბერს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან – პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი და პარტია გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button