skip to content
წერილები

პარლამენტის თავმჯდომარის კონსტრუქციული ტონი შხამიან ტყუილებს ნიღბავს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დონორებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. სპიკერმა არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მიკერძოებულად გამოაცხადა, დაუწუნა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არქონა და მოუწოდა „კონსტრუქციულობისკენ“. ამ თემას პარლამენტის თავმჯდომარე პირველად არ ეხება, მაგრამ მის სტატიაში ჩაქსოვილი ტყუილები აუცილებლად მოითხოვს პასუხს.


ლევან ცუცქირიძე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი


გამჭვირვალობა: მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი წარსულში საფუძვლიანად იქნა განხილული, ჩანს, გამეორება მაინც საჭიროა. გამჭვირვალობა არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებში შედის: რაც უფრო მეტი ორგანიზაცია აფინანსებს და მხარს უჭერს ჩვენს საქმიანობას, მით უფრო იზრდება ახალი მხარდამჭერების მოზიდვის ალბათობა. ჩვენ მუდმივად ვაქვეყნებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას. საქართველოსთან დონორების მიერ დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებებში უკვე გაწერილია საგარეო დახმარების პრიორიტეტები, ხოლო შემოსავლების და საგადასახადო სამსახურები, კანონმდებლობის შესაბამისად, ისედაც სრულ ინფორმაციას ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების შესახებ. ასე რომ, სახელმწიფოს აქვს სრული წვდომა ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებზე და საზოგადოებასაც შეუძლია ყველა შესაბამისი ინფორმაცია თავად ამა თუ იმ ორგანიზაციისგან მიიღოს. მარტივად რომ ვთქვათ, გამჭვირვალობის “პრობლემა” გამოგონილი პრობლემაა.

აი ,,ქართული ოცნება“ კი გამოირჩევა სწორედ გამჭვირვალობის ნაკლებობით.  მაგალითისთვის, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიერ წლების განმავლობაში მომზადებული შიდაპარტიული დემოკრატიის კვლევებში ის მუდმივად სავალალოდ დაბალ შეფასებებს იღებს.

პოლიტიკური გავლენა: დემოკრატიის ძირითად პრინციპებთან შეუსაბამოა პაპუაშვილის განცხადებები, რომელშიც იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს ,,პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში“ ადანაშაულებს. არათუ ეს რაიმე გადაცდენა არაა, პირიქით , არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ლეგიტიმური ამოცანა და უფლებაც, გავლენა იქონიონ პოლიტიკის მიმართულებების ჩამოყალიბებაზე. უამისოდ, პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკის შემუშავებაში მხოლოდ პარტიების ჩართულობით, დემოკრატია არასრულყოფილი იქნებოდა. ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, ჩავარდნები ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებაში, კორუფცია და სამართლიანი არჩევნები: ეს ყველაფერი არსებითად პოლიტიკური საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარე განზრახ სვამს ტოლობის ნიშანს საარჩევნო ამოცანებსა და პოლიტიკურ მიზნებს შორის და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და ფუნქციებთან დაკავშირებით. ოფიციალური პირების ტყუილების გამოაშკარავება, მთავრობის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა და პოლიტიკურ პროცესებზე პოზიციის ქონა დემოკრატიისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის, პირიქით.

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა: პაპუაშვილი რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ,,პარტიული“ კუთვნილებისთვის აკრიტიკებს. უცნაური კია, რომ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის  ორგანიზაციაში (GIZ) მუშაობდა, ამას აყვედრის არასამთავრობო ორგანიზიებს. მას ნამდვილად კარგად მოეხსენება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მნიშვნელობა დემოკრატიისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის. ზუსტად ასეა გერმანიაშიც, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანასა და აშშ-ში. პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ფონდების არსებობა ჩვეულებრივი დემოკრატიული ცხოვრების ნაწილია. არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნედ ქცევით, თავმჯდომარე პაპუაშვილი გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაძლიერებისა ეშინია – ეს ერთ-ერთი დადებითი შედეგია, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ამ მხრივ მუშაობას შეიძლება მოჰყვეს. პაპუაშვილი ცდილობს შეარყიოს არასამთავრობოების მიმართ ნდობა, რითაც პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას აბრკოლებს.

ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების გაკრიტიკება იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებს განვითარებაში ეხმარებიან, ერთდროულად აბსურდული და თვალთმაქცურია. პოლიტიკური პარტიების გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობის ფუნდამენტური ნაწილია. ჩვენ ნაკლები კიარა, მეტი მხარდაჭერა გვჭირდება პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად საქართველოში. ბედის ირონიაა, რომ ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ,,ქართულ ოცნებასთან“. მართალი გითხრათ, არ მახსენდება თავმჯდომარე პაპუაშვილს ამის რაიმე საწინააღმდეგო ჰქონოდა. მეტიც, საერთოდაც არ მახსენდება ბნი პაპუაშვილი იმ რთული პერიოდის განმავლობაში, როდესაც 2011 და 2012 წლებში, ,,ქართული ოცნების“ დახმარებით ყველა ჩვენგანი მნიშვნელოვან რისკზე მიდიოდა.

ანგარიშვალდებულება: პრობლემურია პაპუაშვილის განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებში ანგარიშვალდებულების ნაკლებობის შესახებ. დეზინფორმაციას არ უნდა ავყვეთ: არასამთავრობო ორგანიზაციები პირველ რიგში საკუთარი წევრების, დამფუძნებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და არა მთავრობის წინაშე. მთავრობას ეს ორგანიზაციები ფინანსურ დეკლარაციებს წარუდგენენ და გადასახადებს იხდიან, თუმცა, რადგან ეს ორგანიზაციები საზოგადოების ინტერესის სასარგებლოდ მუშაობენ, ისინი ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ სტანდარტს იცავენ, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის სახელმწიფოს რომელიმე ინსტიტუტის გაგრძელება, რომელსაც პაპუაშვილის მიმართ ანგარიშვალდებულება ევალება.

რას ემსახურება ეს ტყუილები?

პაპუაშვილის მიზანი იმ ორგანიზაციების დისკრედიტაციაა, რომელთაც ,,ქართული ოცნების“ მიმართ ერთგულება არ ამოძრავებთ და მისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. მას სურს გავლენა მოახდინოს დონორებზე, რათა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, შეზღუდოს იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მისი სურვილის ასრულება მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკური ლანდშაფტის დამახინჯებითა და დემოკრატიული სივრცის ამოქოლვას შეიძლება ნიშნავდეს.

თავისი უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, პაპუაშვილი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას, აღრმავებს პოლარიზაციას და ავრცელებს დეზინფორმაციას. მსგავსი თავდასხმები შეუსაბამოა იმ ცხრა პირობასთან, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს წარუდგინა და პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

ეს ტენდენცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ამ უსაფუძვლო თავდასხმების უპასუხოდ დატოვებას, საქართველოს დემოკრატიისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავდასხმები მომდინარეობის პარლამენტის იმ ლიდერისგან, რომელსაც საქართველოში ,,რუსული კანონის“ მიღება და შესაბამისად, ერთი ხელის მოსმით ქვეყანაში ევროპული პერსპექტივისა და დემოკრატიის განადგურება სურდა. ქართული საზოგადოების მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე, ამ საქმეში მისი პარტია დამარცხდა. თუმცა, არ გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ იმავეს გაკეთებას კვლავაც არ შეეცდებიან.

და ბოლოს, მსურს რჩევა მივცე პარლამენტის თავმჯდომარეს: სამოქალაქო ორგანიზაციებში ანგარიშვალდებულების ნაკლებობის არარსებული პრობლემის გამო მოთქმას, ჯობს პასუხი მოსთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომლის გამჭვირვალობაც და ანგარიშვალდებულებაც უკვე წლებია სტაბილურად იკლებს. ეს ნამდვილად მისი კონსტიტუციური მოვალეობაა და ამ საქმეში ბატონ თავმჯდომარეს შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.


ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button